საზოგადოება
„თეთრი მოძრაობა“ – ურთიერთსოლიდარობა რეჟიმის წინააღმდეგ

solidarobaთბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახურმა საქინფორმს აცნობა, პოლიტიკური მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს და მათ სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომის დღეს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თეთრები“ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კეთილ და მადლიერ განწყობას ყველა ჟურნალისტის მიმართ, ვინც მიმდინარე წლის 26 მაისს პირნათლად შეასრულა თავისი პროფესიული მოვალეობა და ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების ფასად ბოლომდე, უდიდესი ფიზიკური და ფსიქიკური პრესის მიუხედავად, ერთგული დარჩა მართალი სიტყვისა. განსაკუთრებით ვაფასებთ იმას, რომ არ გატყდნენ, ბრძოლის განწყობა არ დაკარგეს და აგრძელებენ შსს-ის წინააღმდეგ ბრძოლას.

მოძრაობა „თეთრები“ სოლიდარობას უცხადებს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტებს – კონსტანტინე სტალინსკისა და თაზო კუპრეიშვილს, გაზეთ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას, შპს „გაზეთ ბათუმელებს“, შპს „ახალ ამბებს“  და შპს „რადიოცენტრ პლუსს“, რომელთა სარჩელთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა იყო დაგეგმილი.

ბეჭდვითი სიტყვისა და ელექტრონული მედიის ღირსეული წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვენ ჯანმრთელობის ზიანის, ასევე, ტექნიკის დაკარგვით მიღებული ზარალის ანაზღაურებას, რომელიც მათ მიაყენეს სააკაშვილის რეჟიმის ერთგულმა სამართალდამცავებმა ნეოფაშისტური ზონდერკამანდების აქტიური დახმარებით.

ყველა, ვინც ჩაფიქრებულია საქართველოს მომავალზე, ფიქრობს პატიოსან, თავისუფალ და ძლიერ მედიაზე“.