საზოგადოება
წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია გაიყიდა

iskopaemieთბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული სააგენტოს განცხადებით, ბუნებრივი რესურსების სააგენტომ სასარგებლო წიაღისეულის, მათ შორის, ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალებისა და ბარიტის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია აუქციონზე 93.5 მილიონ ლარად გაყიდა.

კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ აუქციონზე გამოტანილი 30-წლიანი ლიცენზია, რომლის საწყისი ღირებულება 30 მილიონ ლარს შეადგენდა, 93,5 მილიონ ლარად შეიძინა. მეორე კომპანია, რომელიც, ასევე, აუქციონში მონაწილეობდა, არის „Anglo Georgia Mining Company“.

„კავკასიის სამთო ჯგუფი“ საქართველოში 2011 წლის 30 აგვისტოს დარეგისტრირდა. იგი კვიპროსში 2011 წლის 6 ივნისს დარეგისტრირებული „Pamtilon Holdings Limited“-ის შვილობილი კომპანიაა.

ლიცენზია მოიცავს ოქროს, ბარიტის, სპილენძის, მადნეულის საბადოებს ბოლნისის, მარნეულის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს განცხადებით, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია ასეთ მაღალ ფასად პირველად გაიყიდა. „კავკასიის სამთო ჯგუფმა“ შესაბამისი თანხა ორ თვეში უნდა დაფაროს.