სამართალი
თბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. პროკურატურას საბანკო ანგარიშების მონიტორინგის უფლება ეძლევა. საბანკო ანგარიშების მონიტორინგთან დაკავშირებით „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება.
კანონპროექტის მიხედვით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას ახორციელებს საბანკო ანგარიშის გამოყენებით, პროკურორი უფლებამოსილია, საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობით, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე. ამ შემთხვევაში, ბანკი ვალდებული იქნება, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს მას მიმდინარე რეჟიმში ინფორმაცია ერთ ან რამდენიმე საბანკო ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ.პროკურორს იმავე ღონისძიებების განხორციელების უფლება ექნება ჩამორთმევას დაქვემდებარებული ქონების მოძიებისა და იდენტიფიცირების მიზნითაც.
აღნიშნული ინფორმაციები პროკურატურას ოპერაციის შესრულებისთანავე უნდა ეცნობოს. ასევე, ანგარიშიდან თანხის გადარიცხვის ანდა გატანის შემთხვევაში, ინფორმაცია პროკურატურას, ასევე, ოპერაციის შესრულებამდე უნდა მიეწოდოს.
ამასთან, კანონპროექტით, საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების მოპოვებისთვის აუცილებელ ვადას.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დეპუტატები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა.