საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მოგვდის ინფორმაცია, რომ გაიცემა მითითებები, რათა არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრი ნამდვილი ევროპელია, რომლებიც ბრიუსელის ამგვარ საბჭოურ მიდგომას არ იზიარებენ.
„ჩეხეთში გვქონდა შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მთავრობის წევრებთან, მათ შორის პირველ ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან. პირველ რიგში, ყველა შეხვედრაზე საუბარი იყო ორმხრივ ურთიერთობებზე, ვინაიდან ვხედავთ, რომ ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ინფორმაცია, რომ ბრიუსელიდან პირდაპირი მითითებები მიდის დედაქალაქებში, რათა არ ჰქონდეთ შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან. საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრი ნამდვილი ევროპელია, რომლებიც ბრიუსელის ამგვარ საბჭოურ მიდგომას არ იზიარებენ. ამიტომ დღეს ჩვენთვის ყველაზე მთავარი და ძვირფასი არის ის, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან არ დაზიანდეს ბრიუსელის ამ ანტიქართული პოლიტიკის გამო.
სამწუხაროა, რომ ბრიუსელი ცდილობს, ავნოს საქართველოსა და ქართველ ხალხს იმის გამო, რომ 2024 წელს მხარი დაუჭირა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მათი დაბრუნება სურდა ხელისუფლებაში, თუმცა ისინი დამარცხდნენ არჩევნებში, რომელიც თავად ბრიუსელმა გამოაცხადა რეფერენდუმად. ის, რასაც უკვე ორი წელია ვხედავთ, არის შურისძიება ქართველ ხალხზე და საქართველოზე, რათა არადემოკრატიული მეთოდებით, საარჩევნო პროცესის გვერდის ავლით მოიყვანონ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამიტომ დღეს ჩვენი ამოცანაა, ბრიუსელის ამ მავნებლური პოლიტიკის ფონზე საქართველოს მიმართ, არ დავკარგოთ ორმხრივი ურთიერთობები, პირიქით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენს პარტნიორებთან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო, როგორც „შუა დერეფნის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყნის, მათ შორის ჩეხეთის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
„ჩეხეთი მის მიერ იმპორტირებული ნედლი ნავთობის 40%-ს იღებს აზერბაიჯანიდან, საქართველოს ტერიტორიის გავლით. სულ ცოტა ხნის წინ ჩეხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა გაზის მიწოდების შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც გაზი ჩეხეთში შევა „შუა დერეფნით“ და საქართველოს ტერიტორიის გავლით. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები იყოს მაქსიმალურად მჭიდრო და მეგობრული. ჩვენ ყველას ვაჩვენებთ, რომ ვართ საიმედო პარტნიორები. ამ მხრივ მოხარული ვართ, რომ ჩეხეთთანაც გვაქვს სათანადო პარტნიორული ურთიერთობები.
შემდგარი შეხვედრების ფონზე მნიშვნელოვანია საპარლამენტო თანამშრომლობაც. ჩემს კოლეგას მოწვევა გადავეცი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე უახლოეს პერიოდში ეწვევა საქართველოს, რათა ჩვენ უკვე საქართველოში გავაგრძელოთ ჩვენი დიალოგი. განწყობა თანამშრომლობისთვის არის ძალიან პოზიტიური როგორც პარლამენტში, ისე მთავრობის დონეზე. დავინახეთ სრული მზაობა და ღიაობა ორმხრივი ურთიერთობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისკენ. ჩვენ შევეცდებით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ორმხრივი კავშირები. რადგან ხედავენ, რომ ბრიუსელი ვერ ახერხებს ჩვენს დაზიანებას და მისი შეფასებები და განცხადებები უკვე გაუფასურებულია, ახლა ცდილობს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები დააზიანოს. გამაოგნებელია, როდესაც ასეთ მავნებლურ ქმედებებს ვაწყდებით. როგორ შეიძლება იქცეოდეს ასე ორგანიზაცია, რომელიც პოზიციონირებდა როგორც მშვიდობის პროექტი და შეიქმნა მშვიდობისთვის, დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის, დღეს კი ცდილობს, ავნოს კანდიდატ ქვეყანას იმის გამო, რომ ვერ მოახერხა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოყვანა არჩევნებით?“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.