საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: არ იქნება სათანადო მოწვევა ბრიუსელიდან, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა

 საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. არ იქნება სათანადო მოწვევა, არ იქნება ჩვენი მონაწილეობა ასეთ შეხვედრებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა პაპუაშვილს კითხვა დაუსვა ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველო არ არის მოწვეული გაფართოების ფორუმზე; რაც შეეხება დაკავშირებადობის საკითხებზე მინისტერიალს, საქართველოს ხელმძღვანელობა მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზე“.

პაპუაშვილის თქმით, ეს სიტყვები დაბალი დონის გადაწყვეტილებებს ნიშნავს და ევროკავშირის ბიუროკრატიის მოუმწიფებლობას კიდევ ერთხელ აჩვენებს.

„სასაცილოა უბრალოდ, შუა დერეფანზე რომ საუბრობენ, საქართველოს თავზე გადაფრენას აპირებენ, გადახტომას თუ რას აპირებენ, ვერ წარმომიდგენია. ბრიუსელი რასაც ჩადის, არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა. ქართველი ხალხის სუვერენიტეტის უპატივცემულობა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უპატივცემულობა. მოსკოვი გვექცეოდა ასე. ახლა საბჭოთა მოსკოვის ნაბიჯებს იმეორებს ბრიუსელი. ასეთი ზემოდან ყურება საბოლოო ჯამში აჩვენებს, რომ საბჭოთა მოსკოვთან აიგივებენ საკუთარ თავს. ასე რომ, ნუ სწყინთ მერე ეს შედარება. საბჭოთა მოსკოვთან აიგივებენ თავს ამ ქედმაღლური დამოკიდებულებით ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.