საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა 10 ნოემბერს, 12:00 საათზე გაგრძელდება. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, 9 ნოემბერს, 14:00 საათზე ჩანიშნული არსებითი განხილვის სხდომა ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.
სასამართლოს ინფორმაციით, სხდომები ასევე გაგრძელდება 11, 12 და 13 ნოემბერს, 11:00 საათზე.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში №1979 კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს პარლამენტის წევრები (სულ 88 დეპუტატი) პოლიტიკური პარტიების („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „საქართველოსთვის“) საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის თაობაზე“ 2026 წლის 9 ნოემბერს, 14:00 საათზე დანიშნული არსებითი განხილვის სხდომა, ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაიდო.
სხდომა განახლდება 2026 წლის 10 ნოემბერს, 12:00 საათზე. სხდომები გაგრძელდება 11, 12 და 13 ნოემბერს, 11:00 საათზე“, - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.