საზოგადოება
„მთაწმინდელობა“ და „ვეძისობა“ თბილისში

mTawmindaთბილისი, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისში ახლახან ორი დღესასწაული აღინიშნა – „მთაწმინდელობა“ და „ვეძისობა“.

უძველეს უბანში, ტრადიციული ქართული სუფრისა და ქალაქური მუსიკის ფონზე „მთაწმინდელობას“ ზეიმობდნენ.

თბილისის კოლორიტული უბნის სახალხო დღესასწაულს საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა. ტრადიცია გრძელდება და „მთაწმინდელობას“ მთაწმინდელები უკვე ყოველწლიურად აღნიშნავენ.

განახლებულ ტაბიძის ქუჩაზე ქართული ესტრადის წარმომადგენლებმა ქალაქურ მოტივებზე შექმნილი სიმღერები შეასრულეს. გაიმართა ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა, გამოვლინდნენ ფოტოკონკურსის –„ჩემი უბანი“ – გამარჯვებულები.

ღონისძიების ბოლოს საპატიო მთაწმინდელებიც გამოავლინეს.

საერთო სახალხო დღესასწაული „ვეძისობა“ კი დედაქალაქში ყოველწლიურად ოქტომბრის პირველ კვირა დღეს იმართება.

„ვეძისობის“ აღსანიშნავად დასახლებაში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ჩატარდა სხვადასხვა სანახაობითი ღონისძიება: დოღი, ჭიდაობა, ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის კონცერტი.

ღონისძიებებს თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრო, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დღესასწაული მიულოცა.