აქტუალური
ნათია თურნავა: საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდულ $8.25 მილიარდამდე გაიზარდა

 საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და გარე შოკებისადმი მდგრადობის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. შესაბამისად, ეროვნული ბანკი თანმიმდევრულად აგრძელებს რეზერვების შევსებისა და მათი ეფექტიანი მართვის პოლიტიკას, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია.

„რეზერვების ეფექტიანი მართვისა და დივერსიფიკაციის მიზნით, 2024 წელს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული ოქრო საერთაშორისო სარეზერვო აქტივების შემადგენლობაში ჩართო. აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, 2026 წელს დამატებით 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შევიძინეთ. შედეგად, ოქტომბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1 365.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი რეზერვების 16.6%-ია. გარდა ამისა, გაფართოვდა სარეზერვო აქტივების ვალუტებით დივერსიფიკაცია — რეზერვებში ჩაერთო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი, გაიზარდა ჩინური იუანისა და ევროს წილი. მონეტარული ოქროსა და სხვა ვალუტების წილის ზრდა რეზერვების დივერსიფიკაციას, გლობალური ინფლაციური რისკებისგან დაცვასა და მათი მსყიდველობითუნარიანობის შენარჩუნებას ემსახურება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.