საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აქებს საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეულ კურსს და მოსკოვსა და თბილისს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას მიესალმება.
ამის შესახებ შოიგუმ 9 ნოემბერს, მოსკოვში, დსთ-ის წევრი ქვეყნების უშიშროების საბჭოების მდივნების მე-14 ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.
„საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წელს პრაქტიკულად აღკვეთა პროდასავლური ქართული ოპოზიციის მიერ ინიციირებული სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართული კურსის გატარება დაიწყო“, - განაცხადა შოიგუმ.
ამავე შეხვედრაზე შოიგუმ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე: „მივესალმებით საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის აქტიურ განვითარებას. ამასთან, ხაზს გავუსვამ, რომ რეგიონული პრობლემები პოლიტიკური და დიპლომატიური საშუალებებით, გარე ქვეყნების ჩარევის გარეშე უნდა გადაწყდეს“, - თქვა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.
შოიგუს განცხადებას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს განცხადებები მხოლოდ იმ მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსებისთვის გამოდგება მაშველ რგოლად, რომლებიც გააფთრებით ებრძვიან სახელმწიფოს: „არ ვიცი, თქვენ ქებას რას ეძახით, მაგრამ რეალურად იყო აჯანყების, გადაგდების, ხელისუფლების ძალისმიერი დამხობის მცდელობა. შოიგუ ამას როგორ შეაფასებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.