პოლიტიკა
აშშ-ის საელჩო: აშშ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საფრთხეს გაანეიტრალებს

 საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს 13 ივლისის განცხადებას აქვეყნებს, რომლის თანახმად, შეერთებული შტატები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსგან მომდინარე პოტენციურ საფრთხეს გაანეიტრალებს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, აშშ პარტნიორების კოალიციას აყალიბებს, რათა ამ ფარსს წერტილი დაესვას.

„სიამაყით ვავრცელებთ სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მტკიცე გზავნილს, რომ აშშ სისტემურად გაანეიტრალებს საფრთხეს, რომელსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) ჩვენს ეროვნულ სუვერენიტეტს უქმნის. ჩვენ პარტნიორების კოალიციას ვაყალიბებთ მთელ მსოფლიოში, რათა ამ ფარსს წერტილი დაესვას“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის საელჩომ გაავრცელა მარკო რუბიოს 13 ივლისის განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ცდილობს, გახდეს ახალი გლობალური კანონმდებლობის „უპასუხისმგებლო არბიტრი“, რასაც აშშ აუცილებლად გასცემს პასუხს.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ცდილობს, გახდეს ახალი გლობალური კანონმდებლობის უპასუხისმგებლო არბიტრი, რომელიც უფლებამოსილი იქნება, საკუთარი შეხედულებისამებრ გაასამართლოს და დააკავოს ჩვენი მოქალაქეები, ასევე ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნას ამერიკის სუვერენიტეტს. ჩვენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დავანახებთ აშშ-ის მტკიცე გადაწყვეტილების მთელ მნიშვნელობას“, - განაცხადა რუბიომ.