საზოგადოება
რუსეთმა ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა

 საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთმა პოლიტიკური პარტია „დროა“ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა, - იუწყება რუსული მედია.

რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, პარტია „დროას“ საქმიანობა „რუსოფობიური შეხედულებების“ გამო გამოცხადდა „არასასურველად“.

„პარტია „დროას“ წევრები მკვეთრად რუსოფობიურ პოზიციებზე დგანან და მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის მოქმედებების დისკრედიტაციას ქართული მიმართულებით. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში, ითხოვენ სავიზო რეჟიმის აღდგენას და ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტას. ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი“, - განაცხადეს რუსეთის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში.

გარდა ამისა, რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებით, „პარტია „დროას“ ლიდერი საქართველოს მმართველ პარტიას ადანაშაულებს პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და სახელმწიფოს ევროინტეგრაციის პროცესისგან იზოლირების მცდელობაში“.

„ორგანიზაცია აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის რეჟიმს, გამოდის საქართველოსა და უკრაინას შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ქვეყნის „კარპატების რვაში“ ჩართვის მოწოდებებით“, - ნათქვამია განცხადებაში.