საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ედვარდ ასრიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და რეგიონული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხედრო განათლების, პირადი შემადგენლობის მომზადების, ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და გამოთქვეს მზადყოფნა, გააგრძელონ მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისა და რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი მათიაშვილმა ასევე შეხვედრა გამართა სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანთან.