რედაქტორისგან
ბატონო ვანო, პოლიციაში „ჭინჭრაქებმა“ ჩაიბუდეს!

anonsi444„ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა – კაცუნაო...“

 (სპექტაკლიდან „ჭინჭრაქა“)

ეს ზღაპარი არ გეგონოთ, თუმცა აქაც არიან ჭინჭრაქა, დევები და არჩილი... ეს –  ზღაპრის მსგავსი სინამდვილეა, ხოლო ზღაპრულ პერსონაჟთა სახელების მიღმა რეალური ადამიანები იმალებიან. მაშ ასე, დავიწყოთ.

იყო და არა იყო რა, იდგა 2011 წელი. ვერ იყო ყველაფერი რიგზე საქართველოს სამეფოში, მაგრამ პოლიციის რეფორმა – შედგა. პოლიცია არის არა რეპრესიული მექანიზმი, არამედ სერვისი ხალხის სამსახურში! – ასე ეუბნება უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი – ავტორი მთავარი (თუ არა ერთადერთი!) რეფორმისა საქართველოში – საზოგადოების მენტალიტეტში, რომელშიც პოლიციელი მტრიდან გადაიქცა დამცველად.

თუმცა, როგორც ცნობილია, აშენება ძნელია, დანგრევა კი – ადვილი, კარგისათვის შექების დამსახურება ძნელია, ცუდისთვის კი ძაგება – ადვილი, ერთ კოვზ ძმარსაც ხომ შეუძლია მთელ ქვევრში ღვინის დაძმარება... „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ძალოვანი სტრუქტურების ცნობილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, დროდადრო, თუ სრულიად არ აქარწყლებდა ქართული პოლიციის რეფორმირებისთვის გაწეულ შრომას, სახელს მას ძლიერ უტეხდა (კონკრეტულ ფაქტებს არ ჩამოვთვლით – ისინი საყოველთაოდ ცნობილი და ტრაგიკულია, ზოგიერთმა მათგანმა კი სტრასბურგსაც მიაღწია).

ერთი პერიოდი ეს ტალღა ოდნავ ჩაცხრა, მაგრამ ახლა შეიმჩნევა მისი ახალი აზვირთება. დღეს საქინფორმს სულ უფრო ხშირად აწვდიან ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ზოგიერთმა პოლიციელმა უფლებამოსილების გადამეტება ისევ დაიწყო და სამართალდამცველიდან ნამდვილ სამართალდამრღვევად გადაიქც. და, თუნდაც, ეს ადამიანთა სიცოცხლეს არ ემუქრებოდეს, ჩვენ ვალდებული ვართ, დროულად ვთქვათ ამ შემთხვევების შესახებ, რათა არა მარტო საზოგადოება დავიცვათ პოლიციელთა თვითნებობისგან, არამედ თავად პოლიცია დავიცვათ სახელის გამტეხი პოლიციელებისაგან!

საქმე ისაა, რომ მას შემდეგ, რაც ართუ დიდი ხნის წინათ საქართველოს კანონმდებლობამ  ფორმიან ადამიანებს ორმაგი იმუნიტეტი მიანიჭა, ხელშეუხებლობით გათამამებულმა ზოგიერთმა პოლიციელმა თავი საბოლოო ინსტანციის ჭეშმარიტებად წარმოიდგინა და დაუფარავი ცინიზმით ლახავს ადამიანთა უფლებებს, თანაც (რაც ყველაზე დიდი საშინელებაა!) ამას აშკარა სიამოვნებით აკეთებს. ამით დაცვის პოლიციის თანამშრომლებიც სცოდავენმაგრამ ყველაზე ხშირად – პატრულის ინსპექტორები, არადა, პატრული საქართველოში პოლიციის რეფორმის მთავარი სიმბოლოა.

მადლობა პატრულს! – ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ლამაზ ფორმებში გამოწყობილი, მოწესრიგებული, თავაზიანი ჭაბუკებისა და გოგონების ქებით ვერ ვძღებოდით, რომლებიც ყოველ წამს მზად არიან ჩვენს დასახმარებლად, რომელთა წყალობით დღეს ქუჩაში ავტომანქანებს აღარ ვკეტავთ, აღარ გვეშინია მობილური ტელეფონების მოპარვის და როცა ჩვენი შვილები შინ მოსვლას აგვიანებენ.

მაგრამ დღეს საქართველოში საზოგადოებასა და პატრულს შორის განხეთქილება თუ ჯერ კიდევ არა, საგრძნობი ბზარი უკვე გაჩნდა: ნებისმიერი მიზეზით და უმიზეზოდაც გვაჯარიმებენ!" – ყოველდღიურად სულ უფრო ხმამაღლა დრტვინავენ უკმაყოფილო მოქალაქეები. ჯარიმების გეგმა აქვთ, ურიცხვი შოუებისაგან დაცარიელებული ხაზინა შესავსებია, არჩევნები ხომ კარზეა მომდგარი და ხელისუფლებაში დასარჩენად ფული სჭირდებათ!“ – პასუხობენ „ბოროტი ენები“.

(2011 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მუხლში სხვა შემოსავალიმართლაც არის პუნქტი 90 მილიონი ლარი, რომლის შევსებას საქართველოს მთავრობა საჯარიმო სანქციების სახით იმედოვნებს. საინტერესოა, როგორ შეიძლება წინასწარ ასეთი სიზუსტით გამოთვალო კანონდარღვევათა შესაძლო რაოდენობა და ჯარიმების შედეგად მიღებული თანხა?! და თანაც, ის კანონში ჩადო, როგორიცაა სახელმწიფო ბიუჯეტი...)

რას ამბობთ, – ედავებიან „ყოვლისმცოდნეები“, – ყოველი გამოწერილი ჯარიმისთვის საპატრულო პოლიციელის ხელფასს პროცენტი ემატება! ასეთი საუბრები ძალზე დამთრგუნველია, მაგრამ ჩვენ გვსურს, საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქ-სოფლებში თავი საკუთარ სახლში, და არა – როგორც უცხო ქვეყანაში ვიგრძნოთ და არ ვემალოთ ჩვენზე მონადირე პოლიციელებს – „გაი“-სა და „პპს“-ის ღირსეულ შთამომავლებს!

ამ პუბლიკაციაში მხოლოდ ერთ – ყველაზე „უწყინარ“, მაგრამ დამახასიათებელ მაგალითს მოვიყვანთ: ავტომანქანის მძღოლმა (მას პირობითად არჩილი დავარქვათ) ბენზინგასამართი სადგურიდან გამოსვლისას უსაფრთხოების ღვედი იმ მომენტში შეიკრა, როდესაც ავტომობილი უკვე გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავმა საპატრულო ეკიპაჟმა ეს შორიდანვე შენიშნა, მკვეთრად მოაბრუნა მანქანა და ხსენებულ ავტომობილს ისე გამოედევნა, როგორც პოლიციურ ტრილერებში გვინახავს, ოღონდ – ფარულად, ყოველგვარი სიგნალის გარეშე (ალბათ, იმის იმედით, რომ მოძრაობისას მძღოლი რაიმე უფრო ძვირად დასჯად დარღვევას ჩაიდენდა!).

მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ არჩილმა უკანა ხედვის სარკეში შენიშნა „კუდში ადევნებული“ საპატრულო ეკიპაჟი და მიზეზის გასაგებად მანქანა თვითონ გააჩერა. ავტომობილთან მისულმა საპატრულო პოლიციელმა (რომელმაც თავი არ წარუდგინა, რაც უკვე მანკიერ ტრადიციად იქცა!) არჩილს საბუთები მოსთხოვა და შეკითხვაზე – კი მაგრამ, რაშია საქმე? – უპასუხა, რომ ის უსაფრთხოების ღვედების გამოუყენებლობისთვის არის დაკავებული.

კიდევ ერთხელ მივაქცევთ მკითხველის ყურადღებას: არჩილმა უსაფრთხოების ღვედი ბენზინგასამართი სადგურიდან გამოსვლისას შეიკრა და პატრულის მიერ გაჩერების მომენტში შეკრული ჰქონდა (ისევე, როგორც მის მგზავრს – ქალაქის სტუმარს, ერთ-ერთი დასავლური გაზეთის კორესპონდენტს, რომელმაც, როგორც ნებისმიერმა უცხოელმა, ავტომობილში ჩაჯდომისთანავე ინსტინქტურად შეიკრა ღვედი).

განვაგრძოთ: პოლიციელი-ინკოგნიტო საპატრულო ავტომობილიდან დიდხანს არ ბრუნდებოდა – დაახლოებით, 15 წუთი... არჩილის მგზავრს (უცხოელ ჟურნალისტ ქალს) ნერვიულობა დაეტყო: რა მოხდა, რატომ დაგვაკავა პოლიციამ, თანაც, ამდენი ხნით?! მაგრამ არჩილი ვერაფერს პასუხობდა – როგორც კი ავტომობილის კარს აღებდა, უკან მდგომი პატრულის ავტომანქანიდან მეგაფონით მრისხანე შეძახილი ისმოდა: მანქანიდან არ გადმოხვიდეთ!

ბოლოს და ბოლოს, პატრულის ავტომობილიდან ინკოგნიტო-პოლიციელის მეწყვილე გადმოვიდა და არჩილის ავტომანქანისკენ გაემართა. პატრულ-ინსპექტორმა, გვარად ინრიკი (ასეა მითითებული საჯარიმო ქვითარზე), არჩილს 40 ლარის ჯარიმის ქვითარი გაუწოდა და საბუთები დაუბრუნა, მათ შორის – მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ დაჯარიმებული არის საქართველოს სამხედრო ძალების ვეტერანი, მე-2 ჯგუფის ომის ინვალიდი, და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებითა და შეღავათით სარგებლობს. არც ეს გაითვალისწინეთ?– არჩილმა ინსპექტორ ჩინჩრიკს შეკითხვა ძალიან ჩუმად დაუსვა: დღისით-მზისით ასეთი აღმაშფოთებელი უსამართლობისაგან გაოგნებულმა, უფრორე კი – იმისათვის, რომ უცხოელ ჟურნალისტს, რომელმაც საქართველოში ყოფნისას ცოტაოდენი ქართული ისწავლა, გამგზავრების წინ დადებითი შთაბეჭდილება არ წახდენოდა... არ გავითვალისწინე! – ნიშნისმოგებით უპასუხა ჩინჩრიკმა, – მე მოქმედი ოფიცერი ვარ და სამხრეებს ვატარებ!" – გაუგებარია, რატომ გაუსვა ხაზი მან. თუმცა, გასაგებია, რატომაც: პოლიციელს ალბათ უნდოდა, ვეტერანზე თავისი ძალაუფლება ეჩვენებინა და მისთვის გული ეტკინა, მაგრამ არა მგონია, მიზნისთვის მიეღწია. არჩილმა ხომ საკუთარი მეგობრების სიკვდილი ნახა, რომლებმაც მის ხელში დალიეს სული, და ღმერთმა დაიფაროს ახალგაზრდა ინრიი, ცხოვრებაში თუნდაც ამისი მეათედი გადაიტანოს!..

შეკითხვა: განა ოფიცერი ჩინჩრიკი და მისი მეწყვილე იმ პოლიციის წარმომადგენლები არიან, რომლითაც ორი კვირის წინათ პრეზიდენტი სააკაშვილი გაეროს მაღალი ტრიბუნიდან ამაყობდა?! განა იმ ქვეყნებში, რომლებსაც საქართველო ძალიან ცდილობს, დაემსგავსოს, თავიანთ ვეტერანებს ასე ექცევიან?! განა ის საპატრულო ეკიპაჟი ხალხს ისე ემსახურება, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრ მერაბიშვილს სურს? განა სახიფათო არ არის, ძალაუფლება მისცე უფროსი ლეიტენანტი ინრიისა და მისი მეწყვილის მსგავს ადამიანებს? წარმოგიდგენიათ, რა საქმეებს დაატრიალებენ ეს ჭანჭიკები, როცა დიდ ვარსკვლავებს თანამდებობებს მიაღწევენ?! იქნებ შსს-ში საკადრო ცვლებისა და პატრულის სრული კომპიუტერიზაციის დაწყებისას მინისტრმა მერაბიშვილმა მის მიერ მართული ძალოვანი სტრუქტურის ქვედა რგოლებში არსებული სერიოზული პრობლემებიც გაითვალისწინოს? თუ ამ პრობლემებს ახალი შს მინისტრი მიხედავს? რადგან, გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, ბატონ მერაბიშვილს, კვლავაც მინისტრის რანგში, მალე წესრიგდამყარება სხვა ძალოვან უწყებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მოუწევს.

(თუ ბატონ მერაბიშვილს მართლაც გადაიყვანენ საქართველოს თავდაცვის მინისტრად, სადაც ბოლო ხანებში მკვლელობები და თვითმკვლელობები გახშირდა, ალბათ, ღირს, რომ ქართულ არმიაში პირად შემადგენლობასთან აღმზრდელობითი მუშაობის ოფიცრების ინსტიტუტის დაბრუნებაზე იფიქროს).

პატივცემულო მკითხველო! როგორც იცით, ყველა წამალს აქვს თავისი ინსტრუქცია, მაგრამ, გარდა ამისა, არსებობენ ექიმები, იმიტომ, რომ შეუძლებელია ავადმყოფთა ინდივიდუალური თავისებურებებისა და დაავადების სახესხვაობათა გათვალისწინება. არსებობს კანონი, მაგრამ არის კიდევ სასამართლო, იმიტომ, რომ შეუძლებელია ცხოვრება, მთელი მისი მრავალფეროვნებით, კოდექსის „პროკრუსტეს სარეცელზე“ დაატიო. არსებობს სათვალთვალო კამერები, მაგრამ არსებობენ საპატრულო პოლიციელებიც – რობოტები კი არა, ცოცხალი ადამიანები! არის კანონის სიტყვა, და კანონის სულისკვეთება – შინაგან საქმეთა მრავალნაცადმა მინისტრმა ყველაზე უკეთ უწყის, რომ სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი კანონი შეიძლება აბსურდად გადააქციო! როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში: არჩილი არ მალავს, რომ უსაფრთხოების ღვედი მაშინ შეიკრა, როცა ავტომობილი უკვე მოძრაობდა. მაგრამ რა პრინციპით მიიჩნევა ის, რასაც საპატრულო პოლიციელი (არა ღმერთი, არამედ უბრალო მოკვდავი) ამბობს, აპრიორი საბოლოო განაჩენად, ხოლო  მძღოლის ნათქვამი სიცრუედ?! არსებობს კი რეალური მექანიზმი, რომლითაც მძღოლს თავისი სიმართლის დამტკიცება შეუძლია? ანდა რატომ უნდა ამტკიცოს იქნებ სწორედ პოლიციელმა უნდა დაუმტკიცოს მძღოლს, რომ ის დამნაშავეა, და ამისათვის უდავო მტკიცებულებები წარუდგინოს?!

ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად არჩილმა ქალაქის საპატრულო სამსახურში – „022“-ში დარეკა: „რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მოხვიდეთ და საჩივარი დაწეროთ, მაგრამ არ გირჩევთ... მხოლოდ დროს დაკარგავთ, იმიტომ, რომ პატრული-ინსპექტორი მართალია – ღვედი მანამდე უნდა შეგეკრათ, სანამ მოძრაობას დაიწყებდით!“ – ახალგაზრდა ქალის ხმით უპასუხა მორიგე დისპეტჩერმა. საწყენია, და მთავარი აქ 40 ლარი როდია, თუმცა საქართველოში პოლიციელის ხელფასი ნებისმიერ პენსიას ბევრად აღემატება, რომლის ნახევარსაც სწორედ ეს 40 ლარი შეადგენს...

ბატონო მინისტრო! მერწმუნეთ – საქინფორმში ამ ბოლო ხანებში ბევრად უფრო საგანგაშო ინფორმაცია შემოდის, ვიდრე ზემოაღნიშნული „უწყინარი“ ფაქტი! ამბობენ, რომ შსს-ში ეფექტიანად მუშაობს დამსჯელი ორგანო – გენერალური ინსპექცია, მაგრამ იქნებ სამინისტროში აღმზრდელობითი ორგანო – პირად შემადგენლობასთან მუშაობის დეპარტამენტი, დაგებრუნებინათ? იმ ადამიანთა, რომლებიც მერე პოლიციელები გახდნენ, აღზრდაში დაშვებული ნაკლოვანებები შემდგომში შესაძლოა, სრულიად მახინჯი, საზოგადოებისთვის საშიში ფორმებით გამოვლინდეს!

დარწმუნებული ვარ, პატრულ-ინსპექტორ ინრი და მის მეწყვილეს არ უნახავთ გუგა ნახუცრიშვილის პიესის მიხედვით მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლი ჭინჭრაქა, რომლის პრემიერა 1963 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მცირე სცენაზე შედგა. შეგახსენებთ, იმ სპექტაკლში, რომელიც თეატრალური ხელოვნების მსოფლიო საგანძურს მიეკუთვნება, ლეგენდარული ქართველი მსახიობები თამაშობდნენ – გოგი გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე, სერგო ზაქარიაძე, ეროსი მანჯგალაძე, კახი კავსაძე, მედეა ჩახავა, ზინა კვერენჩხილაძე, კარლო საკანდელიძე, ბელა მირიანაშვილი, რეზო ჩხაიძე, სალომე ყანჩელი, გიგოლა თალაკვაძე, ელდარ სახლთხუციშვილი და ნანა ფაჩუაშვილი. იცით, რატომ?! იმიტომ, რომ იმ სულაც არასაბავშვო ზღაპარში ლაპარაკია არა ცხოველებსა და ზღაპრულ დევებზე, არამედ ადამიანებზე, რომლებიც ცხოველებივით და ურჩხულებივით იქცევიან! მაშ, ხომ არ გადაიქცევიან დღეს ჩვენი პოლიციელები დევებად?! თუმცა, თუ 2004 წლიდან დღემდე მომხდარ ყველა გახმაურებულ ფაქტს გავიხსენებთ, შესაძლოა, დავასკვნათ, რომ ზოგიერთმა მათგანმა ამგვარი მუტაცია უკვე დიდი ხანია, განიცადა...

თანამოქალაქენო! ყოველი ჩვენგანი, ვინც პოლიციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევას შეეუგება და არ განაცხადებს, ამაში დამნაშავე ნაწილობრივ თვითონ იქნება! ამით ჩვენ, პრაქტიკულად, ვაქეზებთ სხვადასხვა ჯურის ჭინჭრაქების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს! ყველა, ვინც პოლიციელთა დარღვევებს ფარავს, ქართული პოლიციის მეგობრები კი არა, მტრები არიან! ისინი თავიანთი მონური პოზიციითა და მოქალაქური გულგრილობით ხელს უწყობენ რეფორმირებული პოლიციის დაცემას შევარდნაძისდროინდელ დანაშაულებრივ-კორუმპირებულ მილიციამდე!

კოლეგებო! როდესაც სკანდალურ პუბლიკაციებს წერთ პოლიტიკურ პოლიციაზე – კუდ-ზე, სოდ-ზე, დაზვერვაზე თუ კონტრდაზვერვაზე (სტრუქტურებზე, რომლებიც ყველა დროსა და ნებისმიერი ხელისუფლების ხელში ამ ხელისუფლების მორჩილი იარაღი იყვნენ), ნუ დაივიწყებთ პატრულს – უსაფრთხოებისა და მშვიდი ცხოვრების გარანტს საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, პოლიტიკური ორიენტაციის, რელიგიური, ეთნიკური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. ამისათვის ქართველი ხალხი თავის პოლიციას წელიწადში 320 მილიონ დოლარს უხდის (2011 წლის ბიუჯეტის 8%).

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმი ამიერიდან მუდმივად გააშუქებს სხვადასხვაგვარ – თუნდაც ნაკლებად სკანდალურ და „გაყიდვად“ კანონდარღვევებს, აგრეთვე, ობიექტურად გაცნობებთ შსს-ის ხელმძღვანელობის მიერ მათი აღმოფხვრისათვის მიღებული ზომების შესახებ. მოგვწერეთ – საკონტაქტო ინფორმაცია მითითებულია ჩვენს საიტზე www.saqinform.ge (იხ. „ჩვენ შესახებ“ და „კონტაქტი“), აგრეთვე, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები პუბლიკაციათა კომენტარებში.

ბატონო მინისტრო! რაც კი შეეხება პატრულის კომპიუტერიზაციას – მართვის მოწმობის გარეშე მგზავრობის ნებართვას, რომელიც ზემოთ გაკვრით ვახსენეთ და რომლის ანონსი ა.წ. 30  სექტემბერს ტელევიზიით პირადად წარმოადგინეთ, ჩვენს მკითხველებს ამასთან დაკავშირებით უკვე გაუჩნდათ შეკითხვები:

1) მოგეხსენებათ, რომ თუნდაც ყველაზე მოწინავე  ინტერნეტპროვაიდერების ქართულ ინტერნეტმომსახურებას ჯერჯერობით სრულყოფილს ვერ დაარქმევ (და, საერთოდ, არსებობს კი მსოფლიოში100-პროცენტიანი ინტერნეტკავშირი?!). თუკი უსადენო ინტერნეტი, რომლის მეშვეობითაც საპატრულო პოლიციელების პორტატული ან ბორტკომპიუტერები შსს-ს მონაცემთა ცენტრალურ ბაზას უკავშირდება, ტექნიკური მიზეზებით მწყობრიდან გამოვა, ასეთ შემთხვევებში როგორ მოხდება მძღოლის ვინაობის იდენტიფიცირება? გახსოვთ, 2008 წლის აგვისტოში როგორ „გაამართლეს“ ჩვენი სამხედროების იმედი ფიჭური კავშირგაბმულობის კერძო კომპანიებმა, მათ შორის – Geocell”-მა, რომელიც დღესაც მონოპოლიურად უზრუნველყოფს პატრულის კავშირს?

2) გამორიცხულია კი შეცდომები პატრულ-ინსპექტორისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მიერ დასახელებული ქართული და არაქართული (ხშირად არცთუ მარტივი!) გვარ-სახელების კომპიუტერში ლათინურად შეყვანისას? რას ითვალისწინებს ამ შემთხვევაში ინსტრუქცია – პოლიციელმა ფანჯრიდან უნდა მიაწოდოს კომპიუტერი მძღოლს, რათა მან თვითონ აკრიფოს საკუთარი მონაცემები, თუ მძღოლი უნდა გადმოვიდეს ავტომობილიდან და გადაჯდეს პატრულის ავტომობილში, სადაც დამონტაჟებულია ბორტკომპიუტერი?

3) რას ითვალისწინებს ინსტრუქცია, თუკი პატრულ-ინსპექტორს მოეჩვენება, რომ კომპიუტერის მონიტორზე გამოჩენილი ფოტო იდენტიფიცირებად მოქალაქეს არ ჰგავს? ადამიანის გარეგნობა ხომ მართლაც შეიძლება ბუნებრივი მიზეზებით (ასაკი, სხვანაირი ვარცხნილობა, სათვალე), ავადმყოფობის ან უბედური შემთხვევის შედეგად შეიცვალოს? არადა, გარდა ამისა, არსებობენ ტყუპები, „ორეულები“ ანდა, უბრალოდ, ერთმანეთის მსგავსი ადამიანები – როგორ მოიქცევა ამ შემთხვევებში პატრული-ინსპექტორი?

4) თუკი მართვის მოწმობის ტარება სავალდებულო აღარ არის, მაშ რატომ უნდა ვიქონიოთ ავტომანქანის ტექპასპორტი? მინდობილობები დიდი ხნის წინათ გააუქმეთ და ტექპასპორტში შესაძლოა ნებისმიერი გვარი ეწეროს, რომელსაც მძღოლთან არანაირი კავშირი არ აქვს, მით უმეტეს, რომ ავტომობილის იდენტიფიცირებისთვის ტექპასპორტი საჭირო არ არის – მასზე ფირფიტაა VIN-კოდით და, გარდა ამისა, ძარა და ძრავაც ცალ-ცალკეა მარკირებული;

5) თუკი საქართველოს შსს-ს ინტერნეტპროვაიდერის სერვერი ტექნიკური მიზეზით მწყობრიდან გამოვა, ანდა, როგორც 2008 წლის აგვისტოში, ომის მერე მოხდა, საქართველოს ინტერნეტქსელებზე ჰაკერული კიბერთავდასხმა განხორციელდება, ან შსს-ს მონაცემთა ცენტრალური ბანკის დომენს ახალი კომპიუტერული ვირუსი დააზიანებს, ხომ არ გამოიწვევს ეს კომპიუტერიზებული პატრულის და მთელი რეფორმირებული ქართული პოლიციის სრულ პარალიზებას? ბატონო მინისტრო, გაითვალისწინეთ ყველა ფორსმაჟორული ან რუტინული მინორული გარემოებები, როცა გააფართოეს ინტერნეტხელმისაწვდომობა შსს-ის ცენტრალურ მონაცემთა ბაზასთან? და თუ ამით ისარგებლებენ დამნაშავეები?! ოღონდ არ თქვათ, რომ დღეს, „WikiLeaks-ის ეპოქაში, როცა ტეხავენ „ცე-რე-უ“-სა და პენტაგონის მონაცემთა ბაზებს, მსგავსი რამ შეუძლებელია – გუშინ, როგორც იცით, თვით პრეზიდენტ სააკაშვილის გვერდიც კი „გატეხეს“ Facebook-ში! 

6) რა დაუჯდებათ ქართველ გადასახადის გადამხდელებს პოლიციის სრული კომპიუტერიზაცია და ხომ არ არის უფრო მარტივი, რომ მძღოლმა უწინდებურად იქონიოს თან პატარა პლასტიკური ID-მოწმობა – მართვის მოწმობა? როგორც ცნობილია, პოლიციელები დასავლეთის ბევრ მოწინავე ქვეყანაშიც კი არ პატრულირებენ კომპიუტერებით. ისინი, როგორც ყველა ოპერატიული მუშაკი, საიმედო რაციებით არიან აღჭურვილი, რომლებითაც თავიანთ სპეცსიხშირეზე მუშაობენ და მონაცემთა ცენტრალურ ბანკს უკავშირდებიან, საიდანაც საჭირო ინფორმაციას ელვის სისწრაფით დისპეტჩერისგან იღებენ.

7) კომპიუტერები სკოლებში, კომპიუტერები პატრულში ბატონო მინისტრო, ხომ არ გექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ამ რაოდენობის კომპიუტერების გაყიდვით ვიღაცას ძალიან ბევრი ფული აშოვნინეს?

 

საქინფორმის მთავარი რედაქტორი 

არნო ხიდირბეგიშვილი