საზოგადოება
ოდკბ-მ შესაძლოა სომხეთს ორგანიზაციაში ხმის მიცემის უფლება შეუჩეროს

 საქართველო, 5 ნოემბერი, საქინფორმი. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდკბ) კოლექტიური უსაფრთხოების საბჭომ, შესაძლოა, სომხეთის მიმართ ორგანიზაციის წესდების 25-ე მუხლის გამოყენების საკითხი განიხილოს შესაბამისი დღის წესრიგის დამტკიცების შემთხვევაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს ოდკბ-ის გენერალურმა მდივანმა თაალაიბეკ მასადიკოვმა მინსკში გამართულ ევრაზიული უსაფრთხოების IV საერთაშორისო კონფერენციაზე განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა მოამზადა გადაწყვეტილების პროექტი ერევნის მიმართ ოდკბ-ის წესდების 25-ე მუხლის გამოყენების თაობაზე. მასადიკოვმა ეს დაუკავშირა სომხეთის მიერ საწევრო შენატანების გადაუხდელობასა და ბოლო სამი წლის განმავლობაში ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობის შეწყვეტას.

გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საკითხი განიხილება, თუ ის შეტანილი იქნება კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დღის წესრიგში, რომელიც 10 ნოემბერს არის დაგეგმილი. საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი გახდება ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრის შედეგების მიხედვით.

ოდკბ-ის წესდების 25-ე მუხლის თანახმად, თუ წევრი სახელმწიფო ორი წლის განმავლობაში არ დაფარავს ორგანიზაციის ბიუჯეტის წინაშე არსებულ დავალიანებას, მისი ხმის მიცემის უფლება ოდკბ-ის ორგანოებში შეიძლება შეჩერდეს, ხოლო საკუთარი მოქალაქეების ქვოტირებულ თანამდებობებზე წარდგენის უფლება - შეიზღუდოს.