საზოგადოება
თამარ ჩერგოლეიშვილი: ჩვენ ვართ საუკეთესო ალტერნატივა, რადგან წესებზე დაფუძნებულ ალიანსს წარმოვადგენთ

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. „ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილს ყველაზე უკეთ „ქართული ოცნების“ ტელეარხები აშუქებენ. მან არაერთხელ თქვა, რომ ვერავინ ვერ მოახვევს თავს წესებს, მაშინ როდესაც ალიანსი არის წესები და მეტი არაფერი. თუ ამ წესებს არ ემორჩილები, ეს ნიშნავს, რომ შენ თვითონ რიცხავ საკუთარ თავს ალიანსიდან - საკუთარი ინიციატივით“, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსის წევრობის ერთადერთი გზა წესების დაცვაა.

„ერთადერთი გზა, იყო ალიანსის წევრი, არის წესების დაცვა. ჩვენ უნდა დავიცვათ არაღიარების სტრატეგია, ანუ არ ვაღიაროთ რეჟიმი ლეგიტიმურ ხელისუფლებად. მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავიცვათ ის პრინციპები, რომლებსაც მივყვებით: ყველას აქვს საკუთარი ხმა, ყველა თანასწორია, ყველას თანაბარი ხმის უფლება აქვს და ა.შ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ალიანსში არ არიან ბელადები. ვინც არ არის მზად ამასთან შესაგუებლად, ჩვენთან ვერ იქნება. ჩვენ გამოვრიცხავთ ერთმანეთს“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ცნობისთვის: ოპოზიციურმა ალიანსმა „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ახალი ფოტო, რომელზეც აღარ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიის ალიანსიდან გარიცხვასა და მის დამოუკიდებელ გამოსვლას შორის, რადგან პარტია უკვე დიდი ხანია ალიანსის საქმიანობაში აღარ მონაწილეობდა.