საზოგადოება
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ევროპული პერსპექტივების კუთხით

 საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. „ჩვენ ყველა შესაძლო გზით მხარს დავუჭერთ საქართველოს მისი ევროპული მისწრაფებების განხორციელებაში, მით უმეტეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.

ფაშინიანმა უპასუხა შეკითხვას სამიტში მონაწილეობისა და ევროინტეგრაციის პროცესში აღებული ვალდებულებების შესახებ.

მისი განმარტებით, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონის მიღებისას სომხეთისთვის შთაგონების წყარო იყო საქართველოს მტკიცე განზრახვა, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება კანონის მიღებაზე ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესის დაწყების თაობაზე, ჩვენთვის შთაგონების წყარო გახდა ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და საქართველოს მტკიცე სწრაფვა, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ამიტომ სომხეთისთვის საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ აღიქვამენ ჩვენი მოქალაქეები სომხეთის ევროპულ პოლიტიკასა და ევროპულ პერსპექტივებს“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.