საქართველო, 4 ნოემბერი, საქინფორმი. „როდესაც სამხრეთ კავკასია არ არის გახლეჩილი სხვადასხვა კონფლიქტებითა და უთანხმოებებით, ეს უდიდეს სარგებელს მოუტანს სამივე ქვეყანას - საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს“, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ ევროკავშირის გაფართოების სამიტზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ევროპული პოლიტიკა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია სომხეთისთვის.
„როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, ეს იყო ძალიან შთამაგონებელი ფაქტი სომხეთის რესპუბლიკისთვის. აშკარაა, რომ საქართველოს ევროპული პოლიტიკა უაღრესად მნიშვნელოვანია სომხეთისთვის. ამიტომ ჩვენ ვუსურვებთ ჩვენს მოძმე საქართველოს ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს ევროპულ გზაზე. ერთად ჩვენ გაცილებით უფრო საინტერესო პარტნიორები ვიქნებით გარე სამყაროსთვის. ნებისმიერი პროექტიდან მნიშვნელოვნად მეტ სარგებელს მივიღებთ, თუ ერთად ვიმოქმედებთ.
ახლა სამხრეთ კავკასიის რუკას რომ დავხედოთ, ცხადია, რომ ეს რეგიონი არის ხიდი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი უპირატესობა. როდესაც ჩვენ არ ვართ გახლეჩილი კონფლიქტებითა და წინააღმდეგობებით, ეს ხიდი ფუნქციონირებს სათანადოდ და მოაქვს უდიდესი სარგებელი ჩვენი სამივე ქვეყნისთვის - საქართველოსთვის, სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის.
ავიღოთ ცენტრალური აზია - მისთვის სარგებელი იქნება უზარმაზარი. ასევე შევხედოთ ევროკავშირს და სხვა მიმართულებებს - ეს ყველაფერი აშკარაა. უბრალოდ რუკას უნდა დავხედოთ და ყველაფერი ნათელი გახდება“, - განაცხადა ფაშინიანმა.