პოლიტიკა
მისია შესრულებულია – პარსონსმა „PIK“-დან ბერეზოვსკის ფული ამოიღო

PIKchannelთბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც ოფიციალურად არის ცნობილი, „პირველი საინფორმაციო კავკასიური არხი“ („PIK“) საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე რუსულენოვანი სატელევიზიო არხია, რომელსაც მთლიანად საქართველოს მთავრობა აფინანსებს. გუშინ საქინფორმი იუწყებოდა იმის შესახებ, რომ „PIK“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა ჟურნალისტმა ეკატერინე კოტრიკაძემ დაიკავა, რომელმაც თანამდებობაზე ცნობილი ჟურნალისტი რობერტ პარსონსი შეცვალა. ეს უკანასკნელი ძველ სამსახურში – ფრანგულ „TV-24“-ში დაბრუნდა. „PIK“-დან წასვლის მიზეზებზე პარსონსმა „ლიბერალთან“ ინტერვიუში ისაუბრა, რომელშიც უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს „PIK“ ტელეკომპანიის შენახვაზე გაღებულ ხარჯებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის უკმაყოფილების გამო დატოვა.

პარსონსის ამ ნაბიჯის მიზეზებზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ, მანამდე კი „PIK“-სა და მის დაფინანსებასთან დაკავშირებით მცირე ინფორმაცია გავიხსენოთ. რაც შეეხება ტელეკომპანიას, ჯერ კიდევ გასულ წელს დიდი სკანდალი ატყდა, რის მიზეზიც არხის ცნობილი რუსი ბიზნესმენის – ბორის ბერეზოვსკის, მიერ დაფინანსების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია იყო. ნაციონალური არხები რუსი ჟურნალისტის – ოლეგ პანფილოვის, PR-კამპანიით აქტიურად იყვნენ დაკავებულნი, როდესაც ისიც საქართველოში ჩამოიყვანეს არხის სახელმძღვანელოდ, მაგრამ „პირველ კავკასიურს“ მალევე პრობლემები შეექმნა ფრანგულ სატელიტზე მაუწყებლობასთან დაკავშირებით და რეორგანიზაცია გამოაცხადა.

მძიმე ფინანსური იმიჯის თუ ფრანგულ სატელიტურ კომპანიასთან შექმნილი პრობლემების გამო „პირველი კავკასიური“ და ბერეზოვსკის თემა მალევე მედიისა და საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. ამ პერიოდში ხელისუფლებამ „PIK“-ის მმართველი კომპანიის შერჩევაზე დაიწყო ფიქრი და არჩევანი ქართველი რეჟისორის – ნინო კირთაძის, ქმრის, „PIK“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელ ეკატერინე კოტრიკაძის სახელზე დაფუძნებულ კომპანია „ქეი 1“-ზე შეაჩერა. მალევე გახდა ცნობილი, რომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან „PIK“-მა  და „ქეი 1“-მა 4 მლნ 700 ათასი ლარი მიიღო, თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შპს „ქეი 1“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „ქეი-1“-ს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მიზნობრივად გადარიცხული თანხიდან საზოგადოებრივი მაუწყებლისგან 13 919 490 ლარის მიღებაც შეეძლო.

რუსული საინფორმაციო არხები აცხადებდნენ, რომ „PIK“ შეიქმნა კავკასიის რეგიონში ანტირუსული პროპაგანდის გასატარებლად და მის პოლიტიკას მიხეილ სააკაშვილთან ერთად უშუალოდ ბორის ბერეზოვსკი უხელმძღვანელებდა. „PIK“-ის ხელმძღვანელის პოსტი ცნობილმა ჟურნალისტმა რობერტ პარსონსმა დაიკავა, რომელიც ბერეზოვსკის ახლო გარემოცვის წევრად ითვლება. ბერეზოვსკი-პარსონსის გზები არაერთხელ გადაკვეთილა საჯაროდ. წლების განმავლობაში პარსონსი ხან „ბი-ბი-სი რაშა“-ზე და ხანაც რადიო „თავისუფლებაზე“ ერთადერთ ჟურნალისტად სახელდებოდა, რომელსაც ბორის ბერეზოვსკი ხშირად ექსკლუზიური ინტერვიუებით ანებივრებდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ისინი ახლო მეგობრები გახდნენ და ეს ურთიერთობა საერთო ბიზნესმედიაინტერესებითაც არის გამყარებული...

ახლა კი იმ მთავარ მიზეზზე, რომლის გამოც პარსონსმა „PIK“ დატოვა – ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისა და რუსეთის ხელისუფლების ურთიერთობები ყველასთვის ცნობილია. ცნობილია ისიც, რომ ბიზნესმენმა კავკასიაში სწორედ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მედიაკამპანიის დაფინანსება გადაწყვიტა და სწორედ ამ მიზნით შეიქმნა „PIK“. თუმცა საქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ბერეზოვსკის ყოფილი პარტნიორის, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის – ბადრი პატარკაციშვილის, ქონება და აქტივები პატარკაციშვილის ოჯახს დაათმობინა და სხვადასხვა გზით ხელში ჩაიგდო, ბერეზოვსკისთვის „PIK“, ფაქტობრივად, ფინანსურ საფრთხედ გადაიქცა, რის გამოც საკუთარი ბიზნესინტერესების ანტირუსული კამპანიის წარმოების სურვილზე მაღლა დაყენება გადაწყვიტა და სწორედ რობერტ პარსონსი გამოგზავნა საქართველოში ერთი კონკრეტული მისიით  – ჟურნალისტს მის მიერ ტელეკომპანიაში ჩადებული ფული ამოეღო.

პარსონსმა საქართველოს მთავრობის ხშირი უკმაყოფილების ფაქტი, ფაქტობრივად, დაადასტურა, თუმცა უკმაყოფილების მიზეზად არხის ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია უარყო. საქინფორმის ინფორმაციით კი, პარსონსმა „PIK“ ერთი მარტივი მიზეზის გამო დატოვა – მან დაკისრებული მისია შეასრულა – არხიდან ბერეზოვსკის ფული ამოიღო და ძველ სამსახურს დაუბრუნდა.