პოლიტიკა
ბაიდენი რუსულ-ქართული მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას იმედოვნებს

biden2თბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ოფისის ინფორმაციით, ბაიდენი ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ რუსეთის პირველ ვიცე-პრემიერ იგორ შუვალოვს შეხვდა და მასთან რუსულ-ამერიკული ურთიერთობები და რუსეთის მსო-ში გაწევრების საკითხში არსებული პროგრესი განიხილა.

„ვიცე-პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს რუსეთის მსო-ში გაწევრებას და ამ საკითხში მნიშვნელოვანი პროგრესი აღნიშნა. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის რუსეთის მსო-ში გაწევრებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება“, - ნათქვამია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმავე ინფორმაციით, ბაიდენი და შუვალოვი ორ ქვეყანას შორის კავშირების გამყარების აუცილებლობაზეც შეთანხმდნენ.