თბილისი, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს შედგება ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა, გასულ კვირას გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძისა და ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეთა შორის.
დავით ჯალაღანიას ინფორმაციით, თანათავმჯდომარეთა შეხვედრისას განიხილეს ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც დგას მოლაპარაკებათა დღის წესრიგში. ერთი ეხება უსაფრთხოების საკითხებს, ხოლო მეორე – ჰუმანიტარული ხასიათის ღონისძიებებს (ლტოლვილებისა და ძალით ადგილნაცვალ პირთა მიმართებაში).
საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილია უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას თავმჯდომარეობით. დელეგაციის შემადგენლობაშია სერგი კაპანაძე.„საქართველოს დელეგაციას აღნიშნულ რაუნდზე გადაწყვეტილი აქვს სამ პრინციპულ საკითხზე მსჯელობა თანათავჯდომარეებსა და ოპონენტებთან.
პირველი არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობა, სამწუხაროდ, რუსეთის ხისტი პოზიციისა გამო, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადგილზე არ იმყოფება, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვლად მიგვაჩნია გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლობების ყოფნა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღება რუსეთის მხრიდან, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარის მიერ. იცით, რომ 2010 წლის 23 ნოემბერს საქართველომ ცალმხრივად აიღო ვალდებულება ძალის გამოუყენებლობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის შესახებ, რაზეც, სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია დღემდე არ ყოფილა. ამდენად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საქართველოს დელეგაციისა არის, როგორც რუსული მხარის, ისე თანათავმჯდომარეების დარწმუნება ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაში, რომელიც ნამდვილად დამატებით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტიებს შექმნიდა ჩვენს რეგიონსა და კონფლიქტის ზონაში.
სამწუხაროდ, ბოლო ხანებში ძალზედ გახშირდა ტერორისტული აქტების მცდელობა ან მათი განხორციელება, მილიტარისტული და აგრესიული რიტორიკა. თუნდაც, გავიხსენოთ დუმის დეპუტატ ბაღდასაროვის გამოსვლა, რომელმაც ლამის აუცილებლობად დაახასიათა მორიგი სამხედრო კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის. ასევე ის გამალებული შეიარაღება და სახე ამ შეიარაღებისა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის შეტევითი ხასითის და არის მძიმე ტექნიკა. ამდენად, ყოველივე ეს ქმნის იმის საშიშროებას, რომ რუსეთის მიერ აღნიშნული ვალდებულების აუღებლობის შემთხვევაში, მათი გამოყენება მოხდეს, რაც არა მარტო საქართველოსთვის, როგორც დაინტერესებული მხარისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის საფრთხის შემცველია. მესამე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია თემა, რომელიც უკავშირდება ჩვენს ლტოლვილებსა და იძულებით ადგილნაცვალ პირებს, მათი დაბრუნების საკითხს, რომელიც მოლაპარაკების მნიშვნელოვან კალათას წარმოადგენს. აქაც საქართველო გამოდის ორი პრინციპული მიმართულებით. ერთი, ეს არის თვითონ პრინციპებზე შეთანხმება ჩვენი მოქალაქეების, ლტოლვილებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დასაბრუნებლად, ასევე, კონკრეტული ნაბიჯებისა და კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა მათი ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა დავით ჯალაღანიამ.