„ვისაც არ მოგწონთ ხალხის სოციალური ტერორი, გამოდით 23 ნოემბერს. ვისაც არ მოგწონთ ელიტური ჩინოვნიკების მიერ ქვეყნის ძარცვა მრავალმილიონიანი ტენდერებით, ვისაც არ მოგწონთ ფულის გასათეთრებლად მილიარდების ხარჯვა სამხედრო მიზნებით ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან, ხელოვნური ფასების მატებები სასიცოცხლო პროდუქტებზე, ნავთობზე, ენერგომატარებლებზე, ხალხის მასობრივი დატერორება და მათთვის ერთადერთი საარსებო წყაროს წართმევა – როგორც ეს მათ „მარშრუტკის“ მძღოლებს, გარემოვაჭრეებს და სხვებს გაუკეთეს; ვისაც არ მოგწონთ ქვეყანაში „ფასადური“ დემოკრატია; ვისაც არ მოგწონთ ელექტროენერგიის დახარჯვაზე დასუფთავების გადასახადის მიბმა; წყალზე უგულავა „გველეშაპის“ დაჯდომა, რომელიც ბიზნესებს კუბურ მეტრში 4.80-ს ახდევინებს და მალე მოსახლეობასაც მიდგებიან; ვისაც არ მოგწონთ ახალ-ახალი გამრიცხველიანების სისტემები გამიზნული ხალხისათვის საარსებო საშუალებების წასართმევად; ვისაც არ მოგწონთ ერის რეკეტი; ვისაც არ მოგწონთ გარყვნილების და სოდომიზმის პროპაგანდა ქვეყანაში, განათლების სისტემის სრული დეგრადაცია; ვისაც არ მოგწონთ რობერტ სტურუას გათავისუფლება და თავისუფალი აზრის დევნა; ვისაც რამე არ მოგწონთ – გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი პროტესტი!“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებული მოწოდების ტექსტში.
მათივე აზრით, „მხოლოდ მასობრივი უარი, მასობრივი ბოიკოტი აიძულებს ხელისუფლებას, გადახედოს თავის გადაწყვეტილებებს. „ყველას ვერ გაგითიშავენ ელექტროენერგიას, ყველას ვერ დაგიჭერენ, ყველას ვერ გაიძულებენ! ვიყოთ ერთიანი!“ – ნათქვამია განცხადებაში.