სამართალი
თბილისი, 4 ოქტემბერი, საქინფორმი. როგორც რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში აცხადებს, ქართული ღვინო და მინერალური წყალი წლის ბოლომდე შესაძლოა, რუსულ ბაზარზე დაბრუნდეს.
„პრინციპში, ამას გაცილებით უფრო ცოტა დრო სჭირდება“, – აღნიშნა მან.
ონიშჩენკოს თქმით, ყველაფერი ქართველ მწარმოებლებზეა დამოკიდებული – მათ მზადყოფნაზე, შეასრულონ რუსეთის ბაზრის მოთხოვნები.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინათ ის ქართველ ღვინის მწარმოებლებსაც შეხვდა.„შეხვედრა ქართული ბიზნესის წარმომადგენელთა ინიციატივით გაიმართა. ამ შეხვედრაზე რუსულ ბაზარზე დაბრუნებისთვის აუცილებელი პარამეტრები დაზუსტდა. რა თქმა უნდა, მთავარი პირობაა – პროდუქციის ხარისხის რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობა“, – განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა.
„მიუხედავად საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ გასულ კვირას გაკეთებული ისტერიკული და ხმამაღალი განცხადებებისა რუსეთის მიერ სადამსჯელო ძალისხმევის შესახებ, რუსეთის ბაზარზე „ბორჯომისა“ და ქართული ღვინის დაბრუნების პროცესი მაინც მიმდინარეობს. ეს პროცესი ქართული ბიზნესის დამსახურებით ხორციელდება, რომელიც ხვდება, რომ ქართული ეკონომიკის ამ დარგის განვითარება რუსეთის ბაზრის გარეშე შეუძლებელია“, – აღნიშნა ონიშჩენკომ.