საზოგადოება
სტუდენტები შაშკინსა და კვიტაშვილს დაუპირისპირდნენ

TSU222თბილისი, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს მცირე ინციდენტი მოხდა. უნივერსიტეტის რექტორ სანდრო კვიტაშვილისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის მიერ სტუდენტებისთვის სწავლის დაწყების მილოცვისას ღონისძიებაზე სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის („ლაბორატორია „1918“) წევრები მივიდნენ და უნივერსიტეტში სწავლის ხარისხისა და სწავლის ღირებულების შეუსაბამობა გააპროტესტეს. ახალგაზრდებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით: „არა ავტორიტარულ განათლებას!“ „ნუ ატყუებთ სტუდენტებს!“ „განათლების რეფორმა ჩავარდა!“

პროტესტმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გაღიზიანება გამოიწვია.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრმა ხატია ჩხენკელმა განმარტა, განათლება, რომელსაც დღეს უნივერსიტეტი სტუდენტებს აძლევს, 2250 ლარი არ ღირს. „ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს სტუდენტებისთვის საქმის გასამარტივებლად. ბაზებთან და ადმინისტრაციაში მიღებასთან დაკავშირებით უამრავი პრობლემაა. თვითმმართველობაც მთავრობის საქმეს აკეთებს“, – განაცხადა ჩხენკელმა.

სტუდენტის საპასუხოდ რექტორმა სანდრო კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში სწავლობს 22 000 სტუდენტი და ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება.
„არსებობს სტუდენტების ერთი ჯგუფი, რომელიც ადმინისტრაციასთან საუბრობს პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებს სთავაზობს, თუმცა არის მეორე ჯგუფიც, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერს აპროტესტებს. ერთი ნაწილი ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილოა. როცა უნივერსიტეტის სტუდენტი აცხადებს, რომ 4 წელია, აქ სწავლობს და ვერაფერი მიიღო, ხოლო ამის შემდეგ მაინც აქვე აბარებს გამოცდებს მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში, ან რაღაც სხვა პრობლემა აქვს, რომელიც ჩვენთვის უცნობია, ან სწორ არჩევანს ვერ აკეთებს. ვისაც პათოლოგიური ზიზღი აქვს აქაურობის მიმართ, შეუძლია სხვაგან წავიდეს“, – განაცხადა კვიტაშვილმა.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა რექტორს პირობის დადება მოსთხოვეს, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრ სტუდენტებს ფიზიკურ შეურაცხყოფას არ მიაყენებდნენ, რასაც სანდრო კვიტაშვილმა ისტერიკა უწოდა და აღნიშნა, რომ სტუდენტებს ხელით არასოდეს არავინ შეხებია.

რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფის პროტესტს სწავლების ღირებულებასთან დაკავშირებით, რექტორმა განმარტა, რომ სწავლის ფასს ადგენს არა უნივერსიტეტი, არამედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.