სამართალი
პოლიციელ ექონიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა

court_systemზუგდიდი, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ზედაეწერის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის – ლაშა ექონიას, საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. პოლიციელის წინააღმდეგ ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე 1 „პრიმა“ მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, და „ე“ ქვეპუნქტებით არის აღძრული. ეს მუხლი წამების ჯგუფურად ჩადენას გულისხმობს. მის მიერ ორ პოლიციელთან ერთად ჩადენილი დანაშაული 9-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურორმა დღევანდელ სხდომაზე ლაშა ექონიას წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები წარმოადგინა. სასამართლოსთვის გადაცემულ მასალებში დაზარალებულ ალექსანდრე სართანიასა და მისი ახლობლების ჩვენებებია წარმოდგენილი. ბრალდების მხარემ შპს. „ჯეოსელიდან“ ამოღებული დეტალური ინფორმაცია, ნაცემი ალექსანდრე სართანიას ფოტომასალა და ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა.

საქმის არსებითი განხილვა პოლიცელ ლაშა ექონიას საქმეზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 13 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს, დილით, მოქალაქე ალექსანდრე სართანიას პოლიციელმა ლაშა ექონიამ ორ პოლიციელთან ერთად სახლიდან გაიყვანა და ეჭვიანობის ნიადაგზე ზედაეწერის ტყეში უმოწყალედ სცემა, შემდეგ მანქანაში ჩატენა და კოლხიდას ტყეში ცოცხალ-მკვდარი მიაგდო.

ლაშა ექონიას მეუღლე ალექსანდრე სართანიას სტომატოლოგი იყო. დაზარალებული მხარის ცნობით, პაციენტმა სატელეფონო შეტყობინებით ექიმს კლინიკაში ვიზიტის დრო შეუთანხმა და სწორედ ეს მესიჯი გახდა ლაშა ექონიას ეჭვიანობის მიზეზი.