საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. სამართალდამცველებმა 21 ჩხრეკა ჩაატარეს და მოლდოვის დედაქალაქში ხუთი თაღლითური ქოლ-ცენტრი გააუქმეს. მედიის ინფორმაციით, ეს ქოლ-ცენტრები კრიპტოვალუტაში ინვესტიციების საფარქვეშ აშშ-ისა და კანადის მცხოვრებლებს ფულს სძალავდნენ. თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე რვა ადამიანია დაკავებული.
მასშტაბური ოპერაცია 9 ოქტომბერს გამოძიების ეროვნული ინსპექტორატისა და ბელცის პოლიციის თანამშრომლებმა სპეცრაზმის მხარდაჭერით ჩაატარეს.
გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა შექმნეს ყალბი პლატფორმები ციფრული აქტივებით ვაჭრობისთვის. ეჭვმიტანილები თავს ასაღებდნენ ინვესტიციების საერთაშორისო ექსპერტებად, შეცდომაში შეჰყავდათ კლიენტები რეალური შემოსავლების შესახებ, შემდეგ კი არწმუნებდნენ მათ დიდი თანხების გადარიცხვაში.
ქოლ-ცენტრებში სამუშაოდ ათობით ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის კამერუნის, ინდოეთის, ისრაელის, ნიგერიის, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები. მათ მიგრაციის გენერალური ინსპექტორატისა და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის სამმართველოს თანამშრომლები შეამოწმებენ.
ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ფული, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა, საბანკო ბარათები, დოკუმენტაცია და ბეჭდები, ასევე კავშირის ჩამხშობი მოწყობილობები. გარდა ამისა, ერთ-ერთ ობიექტზე ოპერატიულმა თანამშრომლებმა აღმოაჩინეს სიცრუის დეტექტორი, რომელსაც ორგანიზატორები დაქირავებული პერსონალის ტესტირებისას იყენებდნენ.
სამართალდამცველების ცნობით, კრიმინალურ ბიზნესს ორგანიზატორებისთვის უზარმაზარი შემოსავალი მოჰქონდა. გამოძიების წინასწარი მონაცემებით, ხუთი ქოლ-ცენტრიდან მხოლოდ ერთის საქმიანობა თვეში დაახლოებით 2 მილიონ დოლარს იძლეოდა. სქემის რვავე დაკავებული მონაწილე დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი, გამოძიება გრძელდება.