საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი.გერმანიის ბუნდესვერის დელეგაცია მე-3 სამედიცინო პოლკიდან, პოლკოვნიკ ჰენდრიკ პლოსის ხელმძღვანელობით, სამდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს თავდაცვის ძალების დანაყოფებს ეწვია.
ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.
საელჩოს ინფორმაციით, ვიზიტი განხორციელდა ერთობლივი წლიური პროგრამის ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების საფუძველზე.
„ვიზიტის მთავარი მიზანი იყო საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების - Role 2 Forward (Role 2F) გაცნობა. Role 2F სამედიცინო პუნქტი საველე პირობებში უზრუნველყოფს დაჭრილებისა და დაშავებულებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას, მათ შორის ქირურგიული ჩარევების განხორციელებასა და პაციენტების მდგომარეობის სტაბილიზაციას მათ შემდგომ სამედიცინო ევაკუაციამდე.
დელეგაციის წევრები გაეცნენ შესაბამის სამედიცინო და ქირურგიულ პროცედურებს და დაესწრნენ პრაქტიკული შესაძლებლობების დემონსტრირებას. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთ სამხედრო-სამედიცინო დანაყოფებში დაგროვილი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა.
აღსანიშნავია, რომ გერმანია ხელმძღვანელობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მოქმედ „სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივას“. ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას და შესაბამისი სამედიცინო პუნქტების ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველყოფას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.