აქტუალური
შსს-მ რაჭაში მამისონის სასაზღვრო სექტორი გახსნა

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ჯავა-ონის სამმართველოს „მამისონის“ სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გახსნა.

შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ქორთნი ოსტრიანმა.

სასაზღვრო სექტორის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM), საქართველოში აშშ-ის საელჩოს ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო ბიუროსა (INL) და რეგიონული უსაფრთხოების ოფისის (RSO) მხარდაჭერით განხორციელდა.

ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარე სასაზღვრო სექტორი აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით. შენობის ინფრასტრუქტურა ადგილობრივი რთული კლიმატური პირობების გათვალისწინებით არის დაპროექტებული, რაც მესაზღვრეებისთვის სამსახურებრივი მოვალეობისა და ყოველდღიური საქმიანობის ეფექტიანად შესასრულებლად საჭირო პირობებს ქმნის.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მესაზღვრეებს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სულხან თამაზაშვილმა პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარესაც.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი და შსს-ს სხვა ხელმძღვანელი პირები.