საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ვენეციის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რამდენიმე კანონზე დასკვნას აქვეყნებს.
კერძოდ, კომისიის დასკვნა ეხება 2026 წლის 4 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „გრანტების შესახებ“ კანონს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებს.
დასკვნა მომზადდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარის, ელვირა კოვაჩის თხოვნით.
ვენეციის კომისიის მომხსენებლები იყვნენ ჰერდის კჯერულფ თორგეირსდოტირი, ზლატკო კნეჟევიჩი და ფრანსუა სენერსი.
დოკუმენტის თანახმად, მომხსენებლებმა ონლაინგაცვლითი შეხვედრები გამართეს საერთაშორისო საზოგადოების, არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
მათივე ინფორმაციით, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. შეხვედრაზე უარი თქვა ასევე საჯარო გრანტების მართვის სააგენტომ და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.
ამასთან, ვენეციის კომისია მადლობას უხდის ევროსაბჭოს ოფისს საქართველოში ონლაინშეხვედრების ორგანიზებისთვის.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიამ შეაფასა საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მიღებული ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსში და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში.
კომისია კვლავ მიუთითებს თავის 2025 წლის დასკვნაზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ „საკანონმდებლო ცვლილებები ქმნიდა კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სივრცისა და დემოკრატიული თავისუფლებების შელახვის რისკს“. მაშინ კომისიამ მოუწოდა ამ ცვლილებების გაუქმებისკენ.
კომისიის 2025 წლის დასკვნის თანახმად, ნებისმიერი მომავალი კანონმდებლობა ამ საკითხებზე უნდა შემუშავდეს სისტემური და ინკლუზიური საკანონმდებლო პროცესის ფარგლებში.
ვენეციის კომისიის განცხადებით, 2025 წლის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.
„2026 წლის 4 მარტის საკანონმდებლო ცვლილებები არსებითად აფართოებს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური მონაწილეობისა და უცხოური დაფინანსების შემზღუდველ სამართლებრივ სისტემას. წინა მოსაზრებებში გამოთქმული შეშფოთების გადაჭრის ნაცვლად, ისინი კიდევ უფრო ზრდის მთავრობის მხრიდან კონტროლს, აფართოებს შეზღუდვების სფეროს და აძლიერებს სამართლებრივ ჩარჩოს ფართო ზედამხედველობის უფლებამოსილებებისა და სისხლისსამართლებრივი სანქციების შემოღებით“, - ნათქვამია დასკვნაში.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, გადახედოს სისხლისსამართლებრივი ნორმების გამოყენებას.
„ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ მათი ამჟამინდელი სახით, ფიზიკურ პირებზე დაწესებული შეზღუდვები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრისით. კომისია დაჟინებით ურჩევს ხელისუფლებას, გადახედოს სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენებას „გრანტების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურებისა და ვალდებულებების დარღვევისთვის, ასევე ქმედებებისთვის, რომლებიც უკავშირდება „საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებს“, უცხოური იურიდიული პირების საქმიანობას ან გარიგებებს, რომლებიც კვალიფიცირდება როგორც გრანტის მარეგულირებელი რეჟიმის გვერდის ავლა. თუ ხელისუფლება მაინც გადაწყვეტს სისხლისსამართლებრივი სანქციების მიდგომის შენარჩუნებას, სულ მცირე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოიფარგლოს შემთხვევებით, როდესაც ეს მკაცრად აუცილებელი და პროპორციულია“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, ვენეციის კომისიის დასკვნით, აღნიშნული კანონების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა ვერ უზრუნველყოფს საკმარის სამართლებრივ განსაზღვრულობასა და განჭვრეტადობას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ისეთი საკვანძო ცნებები, როგორიცაა „გრანტი“, „პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობა“, „უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ და „განცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნის მქონე პირი“, ასევე ფორმულირებები „არალეგიტიმურობის აღქმის შექმნა“ და „სახელმწიფო ინტერესების დაზიანება“ განისაზღვრება ზედმეტად ფართოდ და შეიცავს არაზუსტ ტერმინებს, რაც იწვევს სამართლებრივ გაურკვევლობას.
„ეს ცნებები საჭიროებს დაზუსტებასა და უფრო ვიწროდ განსაზღვრას. ვენეციის კომისია ასევე მიიჩნევს, რომ მომავალში საქართველოში კანონმდებლობის მიღების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი ლეგიტიმურობა და საყოველთაო მხარდაჭერა. კანონპროექტების განხილვისა და მიღების პროცესი უნდა ითვალისწინებდეს დისკუსიებს ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოიყენება დაჩქარებული პროცედურები“, - ნათქვამია დასკვნაში.
დოკუმენტის მიხედვით, ვენეციის კომისია დარწმუნებულია, რომ ზემოაღნიშნული კანონმდებლობა არ ემსახურება საქართველოს სუვერენიტეტისა და პოლიტიკური პარტიების დაცვას უცხოური გავლენისა და ჩარევისგან. კომისიის შეფასებით, პირიქით, იგი აწესებს არაპროპორციულ და არასაჭირო შეზღუდვებს საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებზე, კერძოდ, გაერთიანების თავისუფლებასა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ასევე ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და მის შემდგომ გადარჩენას. ვენეციის კომისიამ ასევე სინანული გამოთქვა, რომ „საქართველოს ხელისუფლებას არ სურდა ამ დასკვნის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, თუმცა თავად კომისია რჩება დიალოგისთვის ღია“.