პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სჯობს ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი, ვიდრე ქაღალდზე სახელმწიფო

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. „სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზეა“.

„მარტა კოსმა განაცხადა, რომ საქართველო ევროპულ ღირებულებებს უნდა დაუბრუნდეს. ეს ცოტა გაუგებარია. საქართველო დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე. თუ ევროკომისარ კოსს ქრისტიანულ ღირებულებებში რამე არ მოსწონს, გვითხრას, რა არ მოსწონს. ჩვენი ქვეყანა დგას ქრისტიანულ ღირებულებებზე და გვჯერა, რომ ქრისტიანული ღირებულებები არის ნამდვილი ევროპული ღირებულებები. ამიტომ, თუ ქალბატონ კოსს პრობლემა აქვს ქრისტიანულ ღირებულებებთან დაკავშირებით, განგვიმარტოს, რა არის ეს პრობლემა.

რაც შეეხება ქაღალდზე კანდიდატის სტატუსს, მას შეუძლია, რამდენჯერაც უნდა, გამოიყენოს ეს ხატოვანი გამოთქმა, მაგრამ პასუხი ერთია: სჯობს, ვიყოთ ქაღალდზე კანდიდატი ქვეყანა, ქაღალდზე სახელმწიფო, ვიდრე ვიყოთ ქაღალდზე სახელმწიფო.

სწორედ ეს მოხდებოდა, მარტა კოსისთვის და ბრიუსელის სხვა ბიუროკრატებისთვის რომ დაგვეჯერებინა და ესკალაციის გზით წავსულიყავით. დღეს ვიქნებოდით უკრაინისა და მოლდოვის მდგომარეობაში. მოლდოვაში წლებია, ეკონომიკური სტაგნაციაა, ხოლო უკრაინაში წლებია, ომია. ბრიუსელს რომ დავჯერებოდით, საქართველოს ორივე ეს სცენარი ერთდროულად დაემუქრებოდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.