პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, ვო თჰი ანჰ სუანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ვიეტნამს შორის არსებული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. ხაზი გაესვა ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას ორმხრივი კავშირების შემდგომი განვითარებისთვის. აღინიშნა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ვიეტნამში საქართველოს საელჩოს გახსნა.

„გამოიხატა მზადყოფნა პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო წლებში საქართველოსა და ვიეტნამს შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას, ასევე ტურიზმის სფეროში არსებულ დადებით მაჩვენებლებს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე და შუა დერეფნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი მარშრუტის როლზე, რაც საქართველოსა და ვიეტნამს შორის კავშირების გაძლიერების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

პრემიერ-მინისტრმა ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაში ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.