პოლიტიკა
სააკაშვილი რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე

misha66თბილისი, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სენატორ ჯონ მაკეინთან და ქვეყნის თავდაცვის ყოფილ მდივან დონალდ რამსფელდთან ერთად დევიდ ფროსტის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, „ამ ურთიერთობაში ორი დონე არსებობს – ერთი მხრივ, რუსეთი საქართველოს საზღვრებს არ ცნობს, მეორე მხრივ, კი საქართველოში უამრავი რუსი ჩამოდის“.

„ერთი მხრივ, რუსეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას და მის მიერვე გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ აღიარებს. ცოტა ხნის წინ პრესაში დაიბეჭდა, როგორ აღწერს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ვლადიმერ პუტინს, როდესაც ის ნახევარი საათის განმავლობაში ყვიროდა, როგორ უნდოდა ჩემი ჩამოხრჩობა. ჩვენი ურთიერთობების ერთი მხარე ისაა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია და დევნილებს საკუთარ სახლებში ცხოვრების საშუალება არ ეძლევათ. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოში ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის. ჩვენ რუსეთის სამხრეთ რეგიონის მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლა დავაწესეთ. ქართველებისთვის რუსეთში მოხვედრა თითქმის შეუძლებელია, ბევრ რუსს კი საქართველოში ჩამოსვლა საერთოდ ვიზის გარეშე შეუძლია. საქართველოში ჩამოსული რუსები აღფრთოვანებულნი არიან, როგორ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა უკეთესობისკენ, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ჩვენ, მათგან განსხვავებით, ნავთობი და გაზი არ გვაქვს“, – განაცხადა სააკაშვილმა.