სამართალი
ლუკას სიპერი: მთავრობა ხალხს ევროპას აშორებს, მაგრამ ახალი თაობა მართვის სადავეებს გადაიბარებს

 საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. „თუ შევხედავთ საქართველოს, მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ევროპისკენ მიმავალ გზას აშორებს, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია“, — განაცხადა ევროპარლამენტარმა ლუკას სიპერმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში საქართველოს ახალი თაობა აიღებს მართვის სადავეებს საკუთარ ხელში და ქვეყანას ევროპული მომავლისკენ წაიყვანს.

„გასულ კვირას ჩვენ მეგობრების წრეში ვიყავით, მათ შორის იყო ახალგაზრდა ქალი საქართველოდან. მან მკითხა: „როგორ ფიქრობ, კიდევ რამდენი დრო გავა, სანამ საქართველო ევროკავშირს შეუერთდება?“ მე მას ვუპასუხე: „ოცი წელი. შესაძლოა ათი, თუ ყველაფერი კარგად წავა“. ვშიშობ, რომ სწორედ ასე იქნება, რადგან თუ შევხედავთ საქართველოს, მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ევროპისკენ მიმავალ გზას აშორებს, მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია.

ამიტომ ვეუბნები საქართველოს მმართველ პარტიას, ქართველ ოლიგარქებს, რუსეთის ქართველ მარიონეტებს: „დატკბით თქვენი სასახლეებით, დატკბით თქვენი ძვირადღირებული ავტომობილებით, დატკბით თქვენი ძალაუფლებით, რადგან საბოლოო ჯამში თქვენც მოკვდებით და შემდეგ საქართველოს ახალი თაობა აიღებს მართვის სადავეებს საკუთარ ხელში და წაიყვანს საქართველოს ევროპული მომავლისკენ. შესაძლოა მოგვიწიოს ლოდინი, მაგრამ საბოლოო მიზანი ეჭვს არ იწვევს“, — განაცხადა ლუკას სიპერმა.