საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. სიფრთხილისა და შესაბამისი მზადების ზომების მიღება აუცილებელია - რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი, - ასე ეხმაურება რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელების შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, 2014 წელს, მაშინ, როდესაც ებოლას დიდი აფეთქება იყო დასავლეთ აფრიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენგან შორს იყო, შესაბამისი მზადყოფნის ზომები მაინც გატარდა.
ამასთან, განმარტა, რომ ქვეყანაში დიდი პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ საყურადღებოა ის, რაც ხდება.
„ჯერ გაურკვეველია, რაც ირკუტსკის ინსტიტუტთან დაკავშირებით ხდება. მოგეხსენებათ, რუსეთში ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტი ერთ-ერთი დიდი ინსტიტუტია, განსაკუთრებით საშიშ ინფექციებთან დაკავშირებულ კვლევებში. ირკუტსკის ოლქი ბევრი ინფექციის, მათ შორის შავი ჭირისთვის, გახლავთ ენდემური რეგიონი, სადაც მიმდინარეობს დაკვირვება გადამტანებზე.
ოფიციალური ვერსია იცით, რაც გამოქვეყნდა რუსეთის მიერ, რომ ეს ქალბატონი, რომელიც მუშაობდა ამ ინსტიტუტში, დაიღუპა დაუდგენელი გენეზის ფილტვების ანთებით. ბევრი წყარო ამბობს, რომ აქ იყო სწორედ ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირი, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა. ბუბონური შავი ჭირის დროს სიკვდილიანობა 10%-ს არ სცილდება, ინჰალაციური შავი ჭირის დროს კი შეიძლება 100%-მდეც ავიდეს.
თუ პირდაპირი ფრენა არის ირკუტსკიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ საზღვრების კონტროლის შესახებ ზომები, რაც უკვე მიიღო ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა. რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე, ვფიქრობ, უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი. ქვეყანაში დიდი პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ საყურადღებოა და შესაბამისი მზადყოფნის რეჟიმთან დაკავშირებული პროტოკოლები უნდა იყოს დამუშავებული“, - აღნიშნა გამყრელიძემ.