საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა.
კერძოდ, კენჭისყრისას რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა 445-მა ევროპარლამენტარმა, 37-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 97-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები“, მოამზადა 70-მდე ევროპარლამენტარმა ექვსი სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფიდან.
რეზოლუციის ავტორებს შორის არიან რასა იუკნევიჩიენე, დევიდ მაკალისტერი, ტობიას კრამერი და მალგოჟატა გოშევსკა.
ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ „ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ. ხაზს უსვამენ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ურყევ მხარდაჭერას და აღნიშნავენ, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის ნებისმიერი მცდელობა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს“.
რეზოლუციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზომები უნდა დაწესდეს დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მხრივ ვითარების გაუარესების გამო. ევროპარლამენტარები გმობენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და ითხოვენ საკონსტიტუციო სარჩელის გატანას, ასევე ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელის, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძისა და ნიკა მელიას გათავისუფლებას.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტზე წარდგენილი ორი შესწორება, რომელიც „ევროპელი სუვერენისტების ერების“ ჯგუფის დეპუტატებმა წარადგინეს, უარყო და ისინი საბოლოო ტექსტში არ შევიდა.