საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის მთავრობას აქვს ინსტრუმენტები რუსეთთან სომხეთის რკინიგზების კონცესიური მართვის შესახებ შეთანხმების გასაუქმებლად, განაცხადა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა. „მთავრობას აქვს ინსტრუმენტები და, მეტიც, დასაბუთება რუსეთთან კონცესიური შეთანხმების გასაუქმებლად. როცა დრო მოვა, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ. თუ დღეს ჩვენ მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კონცესიური შეთანხმების გაუქმების შესახებ, ამისთვის სამართლებრივი საფუძვლები არსებობს. საკითხი პოლიტიკურ გადაწყვეტილებაშია“, - თქვა ფაშინიანმა ინტერვიუში.
ამასთან ერთად, მისი თქმით, სომხეთს „არ სურს ამ გზით წასვლა“. „ჩვენ გვინდა ვიაროთ მეგობრული გზით, ვთხოვეთ და ვთხოვთ, რომ ჩვენმა რუსმა კოლეგებმა კონცესიის უფლება მიჰყიდონ მესამე ქვეყანას, რომელიც მისაღები იქნება როგორც რუსეთისთვის, ასევე სომხეთისთვის“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მანამდე ფაშინიანი აცხადებდა, რომ არსებობს შესაძლებლობა რუსეთმა სომხეთის რკინიგზებზე კონცესიის უფლება დაახლოებით 400 მლნ დოლარად გაყიდოს. ის ამბობდა, რომ რესპუბლიკა კარგავს საერთაშორისო სარკინიგზო ქსელებში ინტეგრაციის შესაძლებლობებს სომხეთის რკინიგზების რუსეთის მიერ მართვის გაგრძელების შემთხვევაში.
1 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ფაშინიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის კონცესიის საკითხიც განიხილებოდა. „განვიხილეთ რკინიგზების საკითხი. არსებობს ურთიერთგაგება, რომ რკინიგზების საკითხი უნდა გადავწყვიტოთ“, - თქვა ფაშინიანმა. მისი თქმით, „სომხეთსა და რუსეთში არსებობს გაგება, რომ საკითხის ერთ-ერთი გადაწყვეტა არის კონცესიის უფლების მესამე ქვეყნისთვის მიყიდვა, რომელიც მისაღები იქნება სომხური და რუსული მხარეებისთვის“. „ეს საუკეთესო გამოსავალია. სხვა ვარიანტები ჩემთვის არარეალისტურია“, - დასძინა სომხეთის პრემიერმა.
სომხეთში მოქმედი დახურული სააქციო საზოგადოება (დსს) „სამხრეთ კავკასიის რკინიგზა“ (სკრ) არის ღია სააქციო საზოგადოება (ღსს) „რუსეთის რკინიგზების“ (რრ) 100%-იანი შვილობილი კომპანია. სკრ სომხეთის სარკინიგზო ტრანსპორტის სისტემას მართავს კონცესიური შეთანხმების საფუძველზე, რომელიც დაიდო „რუსეთის რკინიგზებსა“ და სომხეთს შორის 2008 წელს. შეთანხმება გაფორმებულია 30 წლით, კიდევ 10 წლით გახანგრძლივების უფლებით.
ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთი წინააღმდეგი არ არის, ყაზახეთმა შეიძინოს რუსული კონცესია სომხეთის რკინიგზებზე, თუ რუსეთის ფედერაციის თანხმობა იქნება მიღებული.