საზოგადოება
მთავრობამ პარლამენტიდან ე.წ. ქუჩურ გარჩევებზე კანონპროექტი უკან გაიწვია

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. მთავრობამ პარლამენტიდან უკან გაიწვია კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ქუჩურ გარჩევებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებდა.

საქმე “სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებას ეხება, რომლის საფუძველზეც კანონმდებლობაში ახალი 2261 მუხლის - “დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრების“ დამატება იყო გათვალისწინებული. პროექტი შს სამინისტრომ მოამზადა და პარლამენტს 2019 წელს წარუდგინა, თუმცა მხოლოდ ერთი მოსმენით იყო მიღებული.

ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ პროექტის გაწვევის მიზეზად მისი „მნიშვნელოვნად გადამუშავების“ საჭიროება დაასახელა: „პროექტი მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს, ამიტომ მიზანშეწონილია, რომ უკან იყოს გამოთხოვილი. არსებული საკანონმდებლო სივრცე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებას ისედაც იძლევა და სახელმწიფოს მკაცრი მიდგომა კვლავ გაგრძელდება“.