საზოგადოება
უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარება 2027 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდა

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული და უწყვეტად მყოფი უკრაინის მოქალაქეები სამედიცინო სერვისებს 2027 წლის პირველ იანვრამდე მიიღებენ.

ამასთან, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის ოჯახზე 300 ლარის, პირზე კი 45 ლარის ოდენობით დახმარება 2027 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამის განკარგულებებს ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. საქართველოში უწყვეტად ყოფნაში ჩაითვლება ის შემთხვევებიც, როცა პირმა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკან დაბრუნდა არაუმეტეს სამი დღის ვადაში.

შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიწოდებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, ხოლო სოციალურ-ეკონომიკურ მხარდაჭერას — სოციალური მომსახურების სააგენტო.