სამართალი
პროკურატურა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ დანაშაული აღიარეს და საპროცესო შეთანხმება მოითხოვეს

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს.

ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას. უწყების ცნობით, ბრალდების მხარის პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისთანავე ეცნობება საზოგადოებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი და სასჯელის სახით 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ განსაზღვრული. საპროცესო შეთანხმების თაობაზე მათ დღევანდელ სასამართლო პროცესზე თავად განაცხადეს.