აქტუალური
კახა კალაძე: ევროპასთან მხოლოდ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა გვინდა

 საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. მნიშვნელოვანია, ევროკავშირთან ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ევროპელ ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის“ (ALDE) განცხადების საპასუხოდ, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლების სანქცირებას ითხოვს.

„ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენას რაც შეეხება, ამაზე პირდაპირ ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ქართულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა სიმართლეს და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს, ისე, რომ ვიღაცამ ზემოდან არ შემოგვხედოს და არ გაბრაზდეს იმაზე, ქვეყანა ევროპულ სანქციებს რომ არ მიუერთდა და არ დააზარალა საკუთარი ეკონომიკა, არ გავითვალისწინეთ მათი მუქარები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა მხოლოდ მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სანქციებით ვერავინ შეგვაშინებს და მთავარია ისეთი პოლიტიკის გატარება, რითიც ქვეყანაში მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება შენარჩუნდება.