საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ევრობარომეტრის“ კვლევის შედეგები საქართველოს ხელისუფლებისადმი ქართველი ხალხის მაღალ ნდობაზე მიუთითებს.
ქადაგიშვილის განმარტებით, საქართველოს პარლამენტისადმი ნდობა მოსახლეობაში იმდენად მაღალია, რომ საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია შესული და უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ 23 სახელმწიფოს, მათ შორის დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიასა და ბელგიას.
„ევროკომისიის მიერ „ევრობარომეტრისთვის“ დაკვეთილი ძალიან საინტერესო კვლევა გვაქვს ხელთ, სადაც საქართველოს პარლამენტისადმი ნდობა მოსახლეობაში იმდენად მაღალია, რომ ჩვენ ევროპის საუკეთესო ათეულში ვართ შესული. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რა უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს აქვს საკუთარი ხელისუფლების მიმართ ნდობა. ეს შედეგები მიუთითებს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ ხალხს ჰქონდა და აქვს ნდობა. ეს მიანიშნებს, რომ პარლამენტი მუშაობს, ქმედითუნარიანია და ყველა გამოწვევაზე, რომელიც ეხება ეკონომიკას, პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებს, ცდილობს, მაქსიმალურად ადეკვატური იყოს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.