პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველომ ქრისტიანობის მიღებით ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს კონფერენციას, რომელიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს ეძღვნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1 700 წელი საქართველოში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„1 700 წლის წინ საქართველომ ქრისტიანობის მიღებით გააკეთა ცივილიზაციური არჩევანი. განვლილი 1700 წლის განმავლობაში ამ არჩევანის დაცვამ აურაცხელი მსხვერპლი მოითხოვა. საქართველოში ყველა თაობას უწევს იგივე არჩევანის გაკეთება, თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით გააგრძელოს მამა-პაპათა არჩეული გზა, თუ მთლიანად მოერგოს ცვალებად პოლიტიკურ და კულტურულ კონიუნქტურას.

ჩვენი ამოცანაა გავიაზროთ, რას ნიშნავს ეს არჩევანი თანამედროვე სამყაროში და როგორ შეიძლება საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი სულიერი და კულტურული გამოცდილება მომავლის მშენებლობის რესურსად ვაქციოთ.

ჩვენი სურვილია, რომ ეს საიუბილეო წელი არა მხოლოდ საქართველოს ისტორიის აღნიშვნის, არამედ ფართო ევროპული მსჯელობის შესაძლებლობაც გახდეს - მსჯელობისა იმაზე, თუ რა ადგილი აქვს ქრისტიანულ მემკვიდრეობას თანამედროვე ევროპაში; როგორ შეიძლება პარლამენტებსა და ეკლესიებს შორის დიალოგი იყოს ღია, რეგულარული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული; როგორ შეიძლება პოლიტიკამ დაიცვას და გააძლიეროს ოჯახი; და საბოლოოდ - როგორ შეიძლება თავისუფალმა და პლურალისტურმა საზოგადოებამ შეინარჩუნოს ის ღირებულებითი საფუძველი, რომლის გარეშეც თავისუფლება ადვილად კარგავს პასუხისმგებლობას, ხოლო პოლიტიკა - ადამიანურ საზომს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.