პოლიტიკა
თბილისი, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. „საქართველოსა და მოლდოვას ამ სამიტისგან უფრო დიდი მოლოდინები ჰქონდათ ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, ვიდრე ჩვენ შევთავაზეთ“, – ამის შესახებ ვარშავაში აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დასრულების შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ვარშავაში ჩატარებულ ერთობლივ ბრიფინგს ესწრებოდნენ ტუსკი, უნგრეთის პრემიერი ორბანი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო.
ტუსკის განცხადებით, დღეს არ არსებობს წინაპირობა, რომ საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრებაზე დაიწყოს საუბარი.„მათ უნდა შეასრულონ ვალდებულებები, თუმცა უკვე გადაწყვეტილია – 2012 წელი იქნება მოლდოვასა და საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყების წელი სავაჭრო შეთანხმებაზე“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა.
ვარშავაში 29-30 სექტემბერს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტში საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა.
სამიტზე მიიღეს დეკლარაცია, სადაც აღნიშნულია, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე საქართველოსა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები წლის ბოლოს დაიწყება. დოკუმენტის ქვეთავში, რომელიც პოლიტიკურ ჩართულობასა და სოციალურ-ეკონომიკურ ინტეგრაციას ეხება, ნათქვამია, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ამ მიმართულებით პროგრესია მიღწეული.