საზოგადოება
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა, - ამის შესახებ ფონდის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა.

„თბილისში ჩვენი საგარეო ოფისის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოების პირდაპირი შედეგია, რაც შეუძლებელს ხდის KAS-ის მუშაობის გაგრძელებას ქვეყანაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ კონრად ადენაუერის ფონდის მიერ „გრანტების შესახებ“ ახალი კანონის შესაბამისად წარდგენილი პროექტების დაფინანსების შესახებ განაცხადები უარყო.

პროექტების დამტკიცება შესაძლებელი ჩანდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღარ იქნებოდა შესაბამისობაში KAS-ის პრინციპებთან და სტანდარტებთან.

საქართველოში მხოლოდ ფიზიკურად ყოფნა, ჩვენი ძირითადი მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, კონრად ადენაუერის ფონდისთვის მიუღებელია.

განცხადების თანახმად, ფონდი კვლავ ერთგული რჩება საქართველოსა და მრავალწლიანი პარტნიორების მიმართ.

„კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) 2003 წლიდან საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საპარლამენტო ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას უწყობდა ხელს.

ორ ათეულ წელზე მეტია, ფონდი მხარს უჭერდა რეგიონულ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიაში, დემოკრატიულ და ეკონომიკურ რეფორმებს, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

ფონდი კვლავ ერთგული რჩება საქართველოსა და მისი მრავალწლიანი პარტნიორების მიმართ. ქვეყანაში იურიდიულ რეგისტრაციას ვინარჩუნებთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალში შევძლებთ საქმიანობის განახლებას, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.