პუბლიკაციები
„ბევრი საკითხია, რომლებზეც საქართველოს საპატრიარქო ისაუბრებს მოსკოვში ჩასვლის შემთხვევაში“ - დეკანოზი ჯაღმაიძე

 საქართველო, 5 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ არ გამორიცხა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის მოსკოვში ვიზიტი.

საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტის საკითხი საქართველოში მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტის შემდეგ გაჩნდა. დელეგაცია, რომელსაც საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი (სევრიუკი) ხელმძღვანელობდა, თბილისში საპატრიარქო რეზიდენციას ეწვია. სტუმრებმა შიო III-ს საპატრიარქო ტახტზე არჩევა მიულოცეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვა გადასცეს და თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

   „არ არის გამორიცხული. ძალიან ხშირად ეკლესიებს შორის ურთიერთობები არასწორად აღიქმება, აღიქმება იმ სათვალით, რომლითაც ადამიანები პოლიტიკური თვალსაზრისით მსჯელობენ. ეკლესიების ურთიერთობები საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა და მათ თავისი საფუძვლები აქვთ“, – განუცხადა ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ საქართველოს საპატრიარქოს მოწვევა ჯერ არ მიუღია. „თუ მოწვევას ვეძახით იმას, რომ შერჩეულია რაღაც თარიღი და კონკრეტულად ამისთვის მზადებაა დაწყებული, ასეთი რამ არ ყოფილა. მაგრამ ზოგადად, ნებისმიერი ეკლესია, როდესაც ჩამოდის, ან ჩვენ, როდესაც მათ ვსტუმრობთ, ყოველთვის არის საუბარი იმაზე, რომ საპასუხო ვიზიტი შედგეს, თუმცა კონკრეტული არაფერი ყოფილა“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ მოსკოვში შესაძლოა თავად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც გაემგზავროს და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ეკლესიებს შორის ურთიერთობები გრძელდება. „გასაგებია, სხვადასხვა ეკლესიაში ბევრი რამ ხდება, რაც შეიძლება მიუღებელი იყოს, და ჩვენ ამას არ გავიმეორებთ, არ მივესალმებით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ურთიერთობები უნდა გავწყვიტოთ“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისი განმარტებით, არის უამრავი საკითხი, რომლებზეც საქართველოს საპატრიარქო ისაუბრებს მოსკოვში ჩასვლის შემთხვევაში. „არის ბევრი საკითხი (განსახილველი – რედ.). რუსეთში ძალიან ბევრი ქართული მოსახლეობაა, ისინი მორწმუნეები არიან და იქ ბევრი ქართული ტაძარია. რუსეთში არის ქართული ტაძრები, რომლებსაც რუსეთი საქართველოს მემკვიდრეობად აღიარებს, და ჩვენ გვაქვს დიალოგი ერთ-ერთი ტაძრის აღდგენაზე, რაზეც მათ თავად მოგვიწვიეს, და ჩვენი მეცნიერები ჩაერთვებიან იქაურ რეაბილიტაციაში“, – თქვა ჯაღმაიძემ.