სამართალი
პარლამენტი 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის ქონების გადასახადის გაუქმებას განიხილავს

 საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. პარლამენტის ბიუროში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადზე არსებული 40-ათასლარიანი ზღვარის გაუქმებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ქონების გადასახადს მხოლოდ 100 ათასი ლარისა და მეტი წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკური პირები გადაიხდიან, ხოლო 100 ათას ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები გადასახადისგან სრულად გათავისუფლდებიან.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავენ. შეღავათი დაახლოებით 81 000 პირს შეეხება, ძალაში ოქტომბრიდან შევა და მიმდინარე წელს წარსადგენ დეკლარაციებზეც გავრცელდება.