თბილისი, 30 სექტემბერი, საქინფორმი. პირველი ორმხრივი ოფიციალური შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და მის აზერბაიჯანელ კოლეგას შორის შედგა. მიხეილ სააკაშვილმა და ილჰამ ალიევმა საქართველო-აზერბაიჯანის პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. ლიდერებმა ენერგოუსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ევროკავშირში გაწევრების თვალსაზრისით ორი ქვეყნის მომავალზე ისაუბრეს.
შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს კომისართან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ბარონესა ქეთრინ ეშტონთან გაიმართა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის, კერძოდ კი, თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის კონკრეტული საკითხები განიხილეს.ქეთრინ ეშტონმა და მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ დეტალებზეც ისაუბრეს და მოლაპარაკების დაწყების მზადყოფნაზე გაამახვილეს ყურადღება.
როგორც ქეთრინ ეშტონმა აღნიშნა, საქართველომ ამ თვალსაზრისით დიდ პროგრესს მიაღწია. საუბრისას ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრ ანდრუს ანსიპთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე კი ხაზგასმით აღინიშნა, რომ ის ურთიერთობა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩამოყალიბდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც. როგორც ანდრუს ანსიპმა განაცხადა, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მალევე უნდა დაიწყოს, რადგან ეს სარგებელს მოუტანს არა მარტო საქართველოს, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც.
რაც შეეხება ესტონეთისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას, ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ყოველთვის იყო, არის და იქნება მყარი. მან დაბეჯითებით აღნიშნა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ესტონეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია.
აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ბულგარეთის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებასა და უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება. ბოიკო ბორისოვის განცხადებით, ბულგარეთსა და საქართველოს შორის კავშირი, განსაკუთრებით, ბიზნესისა და ტურიზმის მიმართულებით უნდა განმტკიცდეს. შეხვედრისას გადაწყდა, რომ წლის ბოლომდე უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტები შედგება.