საზოგადოება
აქცია-აუქციონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

aqcia-tabთბილისი, 30 სექტემბერი. საქინფორმი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებით დაკავებული და გადაჭრის გზების მაძიებელი ორგანიზაციები ხვალ საქველმოქმედო აქცია-აუქციონს გამართავენ. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ პირს შეუძლია. გაღებული  თანხა, სუვენირები თუ ნივთები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მოხმარდებათ.

აქცია-აუქციონი „დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის“, „მოძრაობა დედაენისთვის“, „მამული, ენა, სარწმუნოების“, „განსხვავებული უნარების მქონე პირთა გაერთიანების“ ორგანიზებით ხორციელდება.

საქველმოქმედო აქცია-აუქციონში მონაწილეობას როგორც ორგანიზატორი ჯგუფების წევრები, ისე ის ოსტატები მიიღებენ, რომელთა ხელნაკეთი ნივთები და სუვენირებიც ღონისძიებაზე გაიყიდება.

„ღონისძიების მთავარი მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პირველ რიგში კი, ახალ თაობას, ბავშვებს, თუნდაც, წამლით, ყურთსასმენით, ეტლითა თუ სხვა საშუალებით დავეხმაროთ. ნებისმიერი გაღებული შემოწირულობა დიდი ნეტარებაა და პატარებისთვის მომავლის იმედია“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება „ჯეოსელისა“ და „ლაილაის“ აბონენტებსაც შეუძლიათ, რომლებმაც უნდა დარეკონ ნომერზე 200 277.

აქცია-აუქციონი 2011 წლის 1 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ლესელიძის ბაღში გაიმართება.