პოლიტიკა
თბილისი, 30 სექტემბერი, საქინფორმი. „აფხაზეთში ახალი თაობისთვის საქართველოს თემა საერთოდ აღარ არსებობს“, – განაცხადა აფხაზეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ საინფორმაციო სააგენტო „ITN“-თან მიცემულ ინტერვიუში.
„დღეს აფხაზეთში საქართველოს თემა საერთოდ არ არის. ყველაფერს რეალურად უნდა შევხედოთ. გაჩნდა მთელი თაობა, რომლისთვისაც ეს თემა საერთოდ არ არსებობს“, – ნათქვამია ინტერვიუში. მისივე თქმით, რთულია, იმსჯელო მთლიანად ქართველი ხალხის პოზიციაზე, თუმცა ქართული ელიტის დუმილი სამწუხაროა.
„არის ასეთი მოარული ფრაზა, რომ დამნაშავე მხოლოდ მმართველები არიან და არა – ხალხი. მთელ ხალხზე მჯელობა, რა თქმა უნდა, არ შემიძლია. არ ვიცი, საქართველოს სიღრმეში ხალხი რას ფიქრობს, რას ფიქრობდა ან ეკითხებოდნენ თუ არა მას საერთოდ რამეს. მე ყოველთვის მაოცებდა და ჯერ კიდევ მაოცებს, როცა ვხედავ, რომ ქართული ელიტის ძირითადი მასა გვერდიდან უყურებდა ყველაფერს იმას, რაც ხდებოდა. ეს ძალიან სერიოზული ლაქაა“, – განაცხადა ლაკერბაიამ.მისივე აზრით, ქართულმა ელიტამ გარკვეული შესაძლებლობები არ გამოიყენა.
„რამდენადაც ვიცი, საქართველოში ძალიან მიღებულია, იძახონ, რომ რუსეთი ოკუპანტია და ასე შემდეგ, მაგრამ საქართველოში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყველა სიტუაციაში ცდილობდნენ, ყველაფერზე მაღლა დამდგარიყვნენ და, უბრალოდ, ადამიანურ ფასეულობებს იცავდნენ. საქართველოში იმ ტრადიციისა და საუბრების ფონზე, რომ გასაოცრად ტოლერანტულები არიან, მათი ხმა არ ისმოდა. სამწუხაროდ, ეს ასეა“, – აცხადებს ლაკერბაია.