პოლიტიკა
"საქართველოში პროფკავშირები სერიოზული პრესინგის ქვეშაა!"

1solidarnosc

თბილისი, 30 სექტემბერი, საქინფორმი. პოლონური ,,სოლიდარნოსტის“ დელეგაცია, რომელიც საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მხარდასაჭერად  ჩამოვიდა, ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკულესს“ ეწვია და მომხდარს დეტალურად გაეცნო. დელეგაცია  ხელისუფლების მიერ პროფკავშირის წევრების დაპატიმრებას  და ქვეყნის შრომით კოდექსს უარყოფითად აფასებს.

ამასთან დაკავშირებით პოლონური „სოლიდარნოსტის“ ხელმძღვანელმა პიოტრ დუდამ გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილთან ერთად პროფკავშირების ოფისში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

კონფერენციის ფარგლებში პიოტრ დუდამ ქუთაისში ვიზიტის შედეგები შეაფასა და დამსწრე საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო, რასაც პოლონეთი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისა და პროფკავშირების გაძლიერებისთვის გეგმავს.

„ყველაზე ცუდი, რაც აღმოვაჩინეთ შრომის კოდექსში, ეს არის ლიბერალური კანონი, რომელიც სუსტია და ის, პირველ რიგში, დასაქმებულ ადამიანებს შეეხება. სამწუხაროდ, ამ კანონის თანახმად, საქართველოში დამსაქმებელს მეტი უფლება აქვს, ვიდრე დასაქმებულს, მათი უფლებები არ არის თანასწორი და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა თქვენს შრომის კოდექსში. ქუთაისში მოხდა იმ ადამიანების დაკავება, რომლებიც იყვნენ პროფესიული გაერთიანების წევრები. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ  ამ გაერთიანების წევრებს პრობლემები არ უნდა ექმნებოდეთ. ჩვენი შეფასებით, საქართველოში პროფკავშირები სერიოზული წნეხის ქვეშ მუშაობენ. ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოში პროფკავშირებს არ აღიქვამენ პარტნიორებად, პირიქით, ისინი ხელისუფლების მიერ მტრებად მიიჩნევიან. სინამდვილეში, პროფკავშირები მუშაობენ ხალხის კეთილდღეობისთვის და მათი კარგი მუშაობა სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შედიოდეს“,– განაცხადა პიოტრ დუდამ.

„სოლიდარნოსტის“ ხელმძღვანელმა გაერთიანებულ პროფკავშირებს სოლიდარობის ნიშნად უმაღლესი ჯილდო – ვერცხლის მედალი გადასცა,  რომელიც თავისუფლების სიმბოლოს განასახიერებს.

„სოლიდარნოსტი“ არის მკაცრი სტანდარტების მქონე ორგანიზაცია და მის მიერ  გაერთიანებული პროფკავშირებისთვის გადმოცემული უმაღლესი ჯილდო იმაზე მეტყველებს, თუ როგორ არის აღქმული და შეფასებული საქართველოს პროფკავშირები პოლონური მხრიდან.

მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. საქართველოსა და პოლონურ „სოლიდარნოსტს“ შორის კი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არსებობს, რაც იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ“,– განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

როგორც პიოტრ დუდამ აღნიშნა, არ შეიძლება ქვეყანამ ილაპარაკოს დემოკრატიასა და განვითარებაზე მაშინ, როცა პროფკავშირები ზეწოლას განიცდის. მსგავსი გზა წლების წინათ პოლონეთმაც გაიარა და ახლა დროა, იგივე გზა თანადგომით საქართველომაც გაიაროს.

პიოტრ დუდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და საკუთარი შეფასებები და რეკომენდაციები გააცნო. პოლონური მხარე ხელისუფლებას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და დიალოგისკენ მოუწოდებს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ „სოლიდარნოსტი“ პოლონური პროფკავშირების გაერთიანებაა, რომელიც ლეხ ვალენსამ დააარსა და რომლის აქტიური წევრი და თავმჯდომარის მოადგილე პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იყო. ორგანიზაცია 31 წელია, წარმატებით მუშაობს საზოგადოების ინტერესების დასაცავად და დღეისთვის 100-მდე ორგანიზაციას აერთიანებს.