სამართალი
უმუშევრებისთვის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ იზრუნებს

11umushevroba

თბილისი, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებით ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ იოვაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილე დავით ხვედელიანმა გაერთიანებულ ასოციაციათა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე შალამბერიძესთან ერთად ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. თამარ იოვაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონეა და არ არსებობს უმუშევართა  რაოდენობის აღმრიცხავი ოფიციალური ბაზა, ამიტომ „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ გაერთიანებული ასოციაციის ოფისში იწყებს უმუშევართა რეგისტრაციას.

 

რეგისტრაციის გავლა ნებისმიერ უმუშევარ მოქალაქეს შეუძლია. ორგანიზაცია ასაკობრივი ცენზის გაუქმებისთვისაც იბრძოლებს. ალექსანდრე შალამბერიძისა და თამარ იოვაშვილის განცხადებით, უმუშევრობის აღკვეთის მიზნით, საჭიროა, ხელისუფლებამ თანხები გამოყოს უმუშევართა ჯანმრთელობის სრული სადაზღვეო პაკეტის უზრუნველსაყოფად და ადამიანებს საკუთარი ბიზნესის წამოწყების საშუალება მისცეს, დაკანონდეს სოციალური დახმარების პროგრამა, აღდგეს ანტიმონოპოლიური სამსახური სათანადო საკანონმდებლო ცვლილებებით, შემცირდეს საგადასახადო განაკვეთები, მოქალაქეებს გამოეყოს დაბალპროცენტიანი მრავალწლიანი სესხები, მიღებულ იქნეს შრომითი კანონმდებლობა, სადაც დასაქმებულები და დამსაქმებლები თანასწორუფლებიანნი იქნებიან. „66 ლარზე ნაკლები შემოსავალი არ დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით, აიკრძალოს უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმება საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების ხარჯზე, პირის სამსახურში მიღება უნდა იყოს საზოგადოებისთვის ღია და დასაქმება უნდა მოხდეს კონკრეტული ადამიანის უნარისა და ნიჭის შესაბამისად“, – განცხადეს ბრიფინგზე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა.

ორგანიზაცია უახლოეს მომავალში საკუთარ ვებგვერდს აამოქმედებს, სადაც  მოქალაქეები დარეგისტრირებას თავად შეძლებენ. ორგანიზაციას ვებგვერდი შექმნილი აქვს სოციალურ ქსელ „ფეისბუკშიც“.

„უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“ მიმართავს ყველა არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციას,  პოლიტიკურ პარტიასა და ფიზიკურ პირს, მივიდნენ ორგანიზაციის ოფისში და  გააერთიანონ ძალები უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.